NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობა ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებად სიღარიბეს და ინფლაციას მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 32% მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, ასევე, 32 პროცენტი თანაბარმნიშვნელოვან პრობლემად ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას ასახელებს.  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 21.3% იმყოფება, ამჟამად კი ქვეყანაში ინფლაცია 13.9%-იან ნიშნულზეა, რაც ბოლო ათი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

მოსახლეობის 29%-ის აზრით, ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 16% კი მთავარ გამოწვევად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს, 13% – პენსიებს, 11-11% – განათლებასა და ხელფასებს. 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს, 42% – ინფლაციას, 23% კი – სიღარიბეს. 

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თანხმდებიან ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზე. 
 

NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ - ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.

კომენტარები