პოლიციელების ძალადობა

დროას წევრი: გამოკითხვაზე დამიბარეს, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მხოლოდ წყაროს დადგენა სურთ

დროას წევრი მარიამ სიჭინავა პროკურატურაში დაიბარეს. ქალი, რომელმაც ზუგდიდში პოლიციელის ძალადობაზე ვიდეო გაავრცელა, გამოკითხვაზე 27 იანვარს, 11 საათზე უნდა მივიდეს.

"საქმის გამომძიებელთან საუბრისას შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დაკავებულები არიან იმ წყაროს დადგენით, ვინც მე ვიდეო მომაწოდა და არა დამნაშავის დასჯით.

მასთან საუბრის დროსაც და ახლაც, საჯაროდ ვაცხადებ, მე არ გავამხელ წყაროს ვინაობას და არ შევუქმნი საფრთხეს მას, ან მის ოჯახის წევრებს. მზად ვარ სასჯელის ნებისმიერი ზომისთვის გააზრებულად. აქვე, არ მეშინია მეგობრებო თქვენი. ჩემი მიზანია დამნაშავის დასჯა და არა ახალი დანაშაულის პროვოცირება" - წერს სიჭინავა.

25 იანვარს დროას წევრმა Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა  და დაწერა: "ზუგდიდი. ჩხოუშის სანაპირო. ფორმიანი პოლიციელი ფიზიკურად ძალადობს ქალზე".

26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ.ბ დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 იანვარს პოლიციელმა მეგობარ ქალს, მ.თ.-ს პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

კომენტარები