სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: სტუდიამ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს ხატვის, ძერწვის გაკვეთილებზე უარი უთხრა

UNICEF

სახალხო დამცველის ინფორმაციით, შპს არტ თაიმ სტუდიამ საგაკვეთილო პროცესში ჩართვიდან მეორე დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელს უარი უთხრა მასთან მუშაობის გაგრძელებაზე. ომბუდსმენის ცნობით, სტუდიამ მიზეზად ბავშვის რთული ქცევა დაასახელა, თუმცა სპეციალისტებისა და სხვა შემოქმედებითი დაწესებულების თანამშრომლის შეფასებით, ბავშვისთვის არ არის დამახასიათებელი სხვების ან თვითდამაზიანებელი ქცევა.

"2021 წლის მარტის თვეში დედამ დაუნის სინდრომის მქონე შვილი არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, შემოქმედებით სტუდიაში მიიყვანა. ბავშვის ფსიქოლოგის შეფასებით ხატვა, ძერწვა და მსგავსი აქტივობებით დატვირთვა ბავშვს ხელს შეუწყობდა, უკეთ გამოემუშავებინა სოციალური უნარ-ჩვევები. საგაკვეთილო პროცესში ჩართვიდან მეორე დღეს დაწესებულებამ მშობელს უარი უთხრა ბავშვთან მუშაობის გაგრძელებაზე, რის მიზეზადაც ბავშვის რთული ქცევა დაასახელა". – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებას მომსახურებაზე უარის თქმისას არ განუხილავს, გონივრული მისადაგების პრინციპიდან გამომდინარე, შესაფერისი ალტერნატივებისა და სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარემოსთან ადაპტირების პროცესში მშობლის დახმარება – მშობელს მისცემოდა შესაძლებლობა მცირე ხნით, დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად დასწრებოდა საგაკვეთილო პროცესს და ბავშვს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაში დახმარებოდა, ასევე ბავშვის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა.

ომბუდსმენმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის გონივრული მისადაგების ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხზე შპს არტ თაიმ სტუდიის დირექტორს რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, რეკომენდაციაში ყურადღება გამახვილდა არაფორმალური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ინკლუზიური განათლების პროცესში, რამდენადაც მისი მოქნილი და კონკრეტულ კონტექსტზე ორიენტირებული პირობებიდან გამომდინარე, უკეთ შეუძლია უპასუხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს.

სახალხო დამცველმა შპს არტ თაიმ სტუდიის დირექტორს მოუწოდა:

  • მომავალში, საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოს შეთავაზებული მომსახურების მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები და მომსახურება განახორციელოს იმგვარად, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა;
  • უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ქცევის მართვის საკითხებთან დაკავშირებით.

კომენტარები