პოლიციელების ძალადობა

ევროპული საქართველო მოძალადე პოლიციელების დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს

ევროპული საქართველო განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ადამიანს ურტყამს. პარტია მოითხოვს მოძალადე პოლიციელების დაუყონებლივ დაკავებას.

"მედია ავრცელებს შემაძრწუნებელ კადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები მეტროსადგურში მათ მიერვე დაკავებულ, სავარაუდოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, ჯერ ესკალატორზე მიაცილებენ, შემდეგ სამუშაო ოთახში შეჰყავთ და სცემენ.

ევროპული საქართველო მოძალადეების დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს - გავრცელებული კადრები უტყუარად ასახავს სისხლის სამართლის დანაშაულს.

მზარდი ავტორიტარიზმის, მორყეული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული სამართალდამცველი სისტემის პირობებში, ძალადობა ნორმად იქცა და მისი მსხვერპლი, პირველ რიგში, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ხდებიან.

თუ ასე გაგრძელდა, ამ კლიმატში, ძალადობის კიდევ უფრო მახინჯი ფორმები დაიბადება.

ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ!" – წერია ევროპული საქართველოს განცხადებაში

ტელეკომპანია პირველის ცნობით, პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. ვიდეოს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების თანახმად, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო. 

შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. 

მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო

 

კომენტარები