დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი უკრაინას 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ურსულა ფონ დერ ლაიენ

ევროკავშირი უკრაინას რუსეთთან კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ფინანსური საჭიროებებისთვის დამატებით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ევროკავშირი უკრაინას მხარს დაუჭერს, ჩვენ მტიცედ ვდგავართ ამ პოზიციაზე. ევროკავშირმა უკრაინას ამ დრომდეც არაერთხელ გაუწია მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება. ვაანონსებ ფინანსური მხარდაჭერის ახალ პაკეტს. ეს პაკეტი საგანგებო კრედიტებისა და გრანტებისგან შედგება. პაკეტი ითვალისწინებს უკრაინის მხარდაჭერას როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში",- ამბობს ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური პაკეტი უკრაინას დაეხმარება დაფაროს რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციით გამოწვეული ფინანსური საჭიროებები და ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას.

ფონ დერ ლაიენის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპის საბჭო აღნიშნულ პაკეტს დაამტიცებს, უკრაინა ტრანშის პირველ ნახევარს, 600 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ მიიღებს. ამასთან, ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ზემოხსენებული დახმარების გარდა, უკრაინას ამჟამინდელი მხარდაჭერის პაკეტი თითქმის გაუორმაგდება და უკვე გაწერილ 160 მილიონ ევროსთან ერთად, დამატებით 120 მილიონ მიიღებს.

კომენტარები