მიხეილ სააკაშვილი

ჰარცელი: სააკაშვილის კადრებზე სასამართლოს გადაწყვეტილება მრავალ კითხვას აჩენს

კარლ ჰარცელი
Twitter/@CarlHartzellEU

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გასაჯაროებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გაუუქმდათ, ბევრ კითხვას ბადებს და არ უნდა განმეორდეს.

"ძირითადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოების გამოქვეყნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ადამიანის უფლებათა, ასევე საერთაშორისო სამართლის კუთხით. ეს ყველაფერი მრავალ კითხვას აჩენს, ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს". – თქვა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა აკვირდება მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობას და ობიექტური შეფასებისთვის სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ელოდება.

ელჩი ასევე გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი დემოკრატიისთვის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია.

"ევროკავშირი იყო დაინტერესებული მხარე, მათ შორის ამ სახელმწიფო ინსტიტუტის ფინანსური მხარდამჭერი. სახელმწიფო ინსპექტორი დემოკრატიის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმი. ძალიან სერიოზული საკითხია, რომელსაც შემდეგი განხილვები უნდა მოჰყვეს. არამარტო ჩვენ, არამედ სხვადასხვა მთავარმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეშფოთება". – თქვა ჰარცელმა.

18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების, მათ შორის, ვიდეოკადრების გავრცელების გამო დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა გაუუქმა. სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაშიც, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკისრებული პასუხისმგებლობა ასევე გაუუქმდა.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა 2021 წლის 7 დეკემბერს დაეკისრათ. ინსპექტორის განმარტებით, უწყებებს პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის დაეკისრათ. 

ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს.

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ინსპექტორის გაუქმების გადაწყვეტილება სწორედ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კრიტიკულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

კომენტარები