თავდასხმა ტეხასის სინაგოგაზე

ტეხასის სინაგოგაში მძევლების აყვანის საქმეზე 2 მოზარდი დიდ ბრიტანეთში დააკავეს

აშშ-ში, ტეხასის სინაგოგაში მძევლების აყვანის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ორი მოზარდი დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში დააკავეს. არ გავრცელებულა ინფორმაცია დაკავებულთა ზუსტი ასაკისა და სქესის შესახებ.

მანჩესტერის პოლიციის ცნობით, გამოძიება გრძელდება და მოზარდები დასაკითხად არიან დაკავებული. დიდი ბრიტანეთის პოლიცია საქმეზე აშშ-ს სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.

15 იანვარს, შაბათის დილის ლოცვის დროს შეიარაღებული კაცი სინაგოგაში შევიდა და 4 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი 44 წლის მალიკ ფაისალ აკრამი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე აღმოჩნდა. მოლაპარაკებების შედეგად აკრამმა ერთი მძევალი გაათავისუფლა. დანარჩენები სამართალდამცველებმა შტურმის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს. თავდამსხმელი პოლიციასთან დაპირისპირების დროს მოკლეს.

პოლიციის ცნობით, აკრამი აშშ-ში თავდასხმამდე ორი კვირით ადრე ჩავიდა. გამოძიების მიხედვით, მან იარაღი აშშ-ში შეიძინა. თავდასხმას Facebook-ით გამოეხმაურა მალიკ ფაისალ აკრამის ძმა, გულბარი. მან ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მალიკს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

"გვინდა ვთქვათ, რომ როგორც ოჯახი, არ ვამართლებთ მის ქმედებას და გვინდა მთელი გულით, გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ ამ სავალალო შემთხვევით დაზარალებულებს. ასევე გვინდა დავამატოთ, რომ ნებისმიერი თავდასხმა ადამიანზე, იქნება ის ებრაელი, ქრისტიანი თუ მუსლიმი არასწორია და ყოველთვის უნდა დაიგმოს." – თქვა თავდამსხმელის ძმამ.

CBS-ის თანახმად, სინაგოგაში შესასვლელად მალიკ ფაისალ აკრამმა თავი უსახლკარო ადამიანად მოაჩვენა. Washington Post-ი წერს, რომ პოლიციასთან მოლაპარაკებების დროს აკრამი ამბობდა, რომ სინაგოგის რაბინი მოსწონს და თავდასხმის გამო თავს ცუდად გრძნობდა

"ვხედავ, რომ კარგი ადამიანები არიან. შემომიშვეს, კარგად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ შემომიშვეს. ვიკითხე ეს თავშესაფარია? და შემომიშვეს. ჩაი დამალევინეს. ასე რომ თავს ცუდად ვგრძნობ." – ამბობდა აკრამი.

აკრამი პაკისტანელი ნეირომეცნიერის, ააფია სიდიქუის გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც აშშ-ში 86-წლიან პატიმრობას იხდის. სიდიქუის ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობის მცდელობებისთვისაა გასამართლებული. სინაგოგა, რომელსაც აკრამი თავს დაესხა, დაახლოებით 32 კილომეტრით არის დაშორებული იმ ციხისგან, რომელშიც სიდიქუი სასჯელს იხდის.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მძევლების აყვანა ტერორიზმად შეაფასა. თავდასხმა დაგმო დიდმა ბრიტანეთმაც. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ თრასის თქმით, თავდასხმა ტერორისტული და ანტისემიტური ქმედება იყო.

კომენტარები