ტექნიკური უნივერსიტეტი

"თქვენ ჩვენი ქვეყნის იმედი ხართ" – ილია მეორე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წლისთავი მიულოცა. პატრიარქი წერს, რომ საქართველოს განვითარებაში ტექნიკურ უნივერსიტეტს "ლომის წვლილი აქვს შეტანილი", სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კი ქვეყნის იმედს უწოდა.

"თუ მესამე ათასწლეულის დადგომამდე საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, რომლის ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, ამ საქმეში ამ უნივერსიტეტს ლომის წვლილი აქვს შეტანილი.

მინდა დავლოცო მის კედლებში მოღვაწე და აწ უკვე გარდაცვლილი პროფესორ-მასწავლებლები და ყოფილი სტუდენტები და შევავედრო მათი უკვდავი სული ღმერთს, რათა უფალმა ისინი სავანესა მართალთასა დააწესოს. ასევე ვლოცავ მოქმედ პედაგოგებსა და სტუდენტებს, მომსახურე პერსონალს, ამ უნივერსიტეტდამთავრებულ ყველა ადამიანს. თქვენ ჩვენი ქვეყნის იმედი ხართ. უფალმა შეგაძლებინოთ თქვენი მოვალეობის პირნათლად შესრულება. 

გახსოვდეთ, ღვთის წინაშე არ არსებობს რანგირება თანამდებობების მიხედვით, არსებობს დაკისრებული პასუხისმგებლობა და მისი მეტ-ნაკლებად შემსრულებელნი". – ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.

ილია მეორემ ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი "უმაღლესი დონის პროფესიონალთა მომზადებისა და ტექნიკური მეცნიერებების განვითარების მხრივ რეგიონში აღიარებულ ლიდერად რჩება".

კომენტარები