კორონავირუსი საქართველოში

NCDC: სიმპტომიან პირებს, რომლებსაც სწრაფი ტესტით COVID-19 არ დაუდასტურდებათ, PCR ჩაუტარდებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19 ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. 

NCDC-ის ინფორმაციით, უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19, ასევე სიმპტომიან პაციენტებს, რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ კორომნავირუსი, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე.

"ტესტირება COVID-19-ის პანდემიის მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მნიშვენლოვანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება, გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა და ინფექციის გავრცელების შეკავება; 

ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში, გაზრდილია ტესტირებაზე მოთხოვნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფიცირებულთა გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა (ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება

საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით. 

საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით;

მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COVID-19 ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც აღნიშნული, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო".- ვკითხულობთ NCDC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


16 იანვრის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 504 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.62%-ია. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 995 687 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 928 441 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 449.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

საქართველოში იზოლაცია-კარანტინის ვადები მცირდება და მსუბუქდება. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე იქნება, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. გაბუნიას განმარტებით, ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ვაქცინის დოზების მიღებიდან გასულია არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

კომენტარები