მაგთიკომი

"ანაზღაურება ჩვენი შრომის შესაბამისი არ არის" – მაგთიკომის თანამშრომლები გაიფიცნენ

მაგთიკომი

მაგთიკომის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც ისინი ამბობენ, პროტესტის მიზეზი "მიზერული ანაზღაურებაა", რომელიც, მათივე თქმით, შრომას არ შეესაბამება. პროტესტის მონაწილეები ხელფასის მომატებას ითხოვენ.

"ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა არის ის, რომ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ის ანაზღაურება ჩვენი შრომის შესაბამისი არ არის. წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ არაფერზე არ არიან თანახმა და ეს 300 ადამიანი, ვინც ახლა პროტესტს გამოვთქვამთ და გავიფიცეთ, უარს ვაცხადებთ სამუშაობს შესრულებაზე". - ამბობს მაგთიკომის თანამშრომელი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ კომპანია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს - ხელფასის რაოდენობას არ შეცვლის. მათივე თქმით, მაგთიკომი კომპრომისზე არ მიდის და მოთხოვნების შესრულებაზე უარი უთხრეს.  

"პანდემიის პერიოდში მთელი ქვეყანა Online მუშაობაზე გადავიდა, ჩვენ განსაკუთრებულად მოგვემატა სამუშაო, გაგვირთულდა პირობები - ცხელ წერტილებში, კოვიდაბონენტებთან შევდიოდით და ვუგვარებდით პრობლემებს". - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი ფორმულასთან.  

მაგთიკომის პასუხის მისაღებად ტაბულა კომპანიასთან დაკავშირებას ცდილობს - მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები