დიდი ბრიტანეთი

ბორის ჯონსონმა ლოკდაუნის დროს წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხდა. ამ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შეკრებაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული.

პარლამენტის ქვედა პალატაში ყოველკვირეული გამოსვლისას ჯონსონმა თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.

ოპოზიციის ლიდერის კირ სტრამერის შეფასებით, პრემიერმინისტრის გამართლება სასაცილო და შეურაცხმყოფელია. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა.

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჯონსონის პირადმა მდივანმა, მარტინ რეინოლდსმა მთავრობს რეზიდენციის 100-ზე მეტი თანამშრომელი რეზიდენციის ბაღში 20 მაისისთვის "სოციალური დისტანციის დაცვით" წვეულებაზე მიიწვია. მოსაწვევ წერილში ნათქვამი იყო, რომ სტუმრებს საკუთარი ალკოჰოლური სასმელი უნდა მიეტანათ. 

წვეულება მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

მინისტრების მიერ მთავრობის რეგულაციების დარღვევის შემთხვევებში არსებობს მოლოდინი, რომ მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ბორის ჯონსონის თანაპარტიელებმა წვეულების ჩატარება გააკრიტიკეს. წვეულებაზე პრემიერმინისტრის დასწრების დადასტურებამდე შოტლანდიის კონსერვატორების ლიდერი ამბობდა, რომ თუ ჯონსონი შეკრებაზე იყო, ის უნდა გადადგეს.

გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ცნობები მთავრობის რეზიდენციაში ლოკდაუნის პერიოდში ჩატარებული სხვადასხვა წვეულების შესახებ. ამ ინფორმაციას ჯონსონის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა და პრემიერმინისტრის რეიტინგზე იქონია გავლენა. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ თუ ჯონსონი 20 მაისის წვეულებას ესწრებოდა, ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

კომენტარები