მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, 6-დან 8 კვირაში ომიკრონით "ნახევარი ევროპა" იქნება ინფიცირებული.
ვარაუდი ეფუძნება 2022 წლის პირველ კვირაში ევროპაში დაფიქსირებულ 7 მილიონ შემთხვევის კვლევას. ინფიცირებულთა რაოდენობა უკანასკნელ ორ კვირაში გაორმაგდა.
"დღეს ომიკრონის შტამი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მთელ რეგიონში დელტას პარალელურად სწრაფად ვრცელდება" - განმარტა ექიმმა კონფერენციაზე. მისი თქმით, იზრდება ევროპასა და ცენტრალური აზრიის ქვეყნებზე წნეხი, რადგან ვირუსი დასავლეთის ქვეყნებიდან უკვე ბალკანეთშიც გავრცელდა.
საქართველოში ომიკრონით ინფიცირების პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელის თქმით, ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა 45% ომიკრონია.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9.53%-ია, ბოლო 7 დღის - 9.63%, ბოლო 14 დღის კი 8.1%.
გასულ დღე-ღამეში დადასტურდა ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინიფიცირების 968 313 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 916 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 264 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 37 602 აქტიური შემთხვევაა.