ირანი

ირანმა გენერალი სოლეიმანის მკვლელობისთვის ამერიკელებს სანქციები დაუწესა

ირანმა გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის ათობით ამერიკელს სანქციები დაუწესა. მათი ნაწილი სამხედრო პირია.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით,  51 ამერიკელს "ტერორიზმსა" და ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალი ედება და  ხელისუფლება  უფლებამოსილია, დააყადაღოს  მათი აქტივები ირანში. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები აქტივებს ირანში არ ფლობენ,  გადაწყვეტილება სიმბოლურია. 

ირანის სანქციების სიაში უკვე იყვნენ ამერიკელი გენერალი მარკ მილი და  თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო'ბრაიენი.

3 იანვარს, სოლეიმანის მკვლელობიდან 2 წლისთავზე ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმუქრებოდა, რომ თუ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სოლეიმანის მკვლელობისთვის არ გაასამართლებენ, მუსლიმები შურს იძიებენ.


2020 წლის 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტთან ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სპეციალური ელიტური დანაყოფის, ყუდსის ძალების გენერალი, ყასემ სოლეიმანი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, სარაკეტო თავდასხმით მოკლეს. მასთან ერთად მოკვდა ერაყის პროირანული შეიარაღებული ჯგუფის ლეიტენანტი, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი. ტრამპის ბრძანება ერაყში აშშ-ს ობიექტებზე თავდასხმებს მოჰყვა. ამერიკულმა მხარემ საკუთარი ქმედება თავდაცვად გამოაცხადა.

სოლეიმანი ახლო აღმოსავლეთში ირანის მთავარ სამხედრო სტრატეგოსად მიიჩნეოდა. მისმა მკვლელობამ აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამძაფრა.

ირანსა და ერაყში ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით გაცემულია დონალდ ტრამპის დაკავების ბრძანებები.

კომენტარები