ენერგეტიკა

სემეკი: დენის, გაზის და წყლის ტარიფები არ შეცვლილა, ზრდა არ განიხილება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა.

"კომისია საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები.

2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება.

პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას". - წერს სემეკი.

თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი იანვარში დეკემბრის თვეში მოხმარებული  ელექტროენერგიის და წყლის მეორე ქვითარს მიიღებს, რომელიც ასახავს პირველი ქვითრის გაცემიდან თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების ხარჯებს. 

ცვლილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებითაა გამოწვეული, რაც მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. შედეგად, მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილება არ იწვევს ტარიფების ზრდას და ის მხოლოდ კომუნალური მომსახურების ქვითრების მიღების თარიღებს ცვლის. 

უზუსტობის ან არასწორად დარიცხული თანხის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ თელმიკოს ცხელ ხაზს ან ოფიციალურ გვერდს

კომენტარები