აშშ-ს კონგრესი

TWITTER-მა რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

მარჯორი ტეილორ გრინი პირბადეზე წარწერით "ტრამპმა გაიმარჯვა"

Twitter-მა რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის პირადი ანგარიში Covid-19-ზე არასწორი ინფორომაციის გავრცელებაზე სოციალური ქსელის წესების დარღვევის გამო სამუდამოდ დაბლოკა. კონგრესმენის ოფიციალური ანგარიში, რომელსაც სავარაუდოდ მისი ოფისის თანამშრომლები უძღვებიან, აქტიური რჩება.

მანამდე კომპანიამ კონგრესმენს ანგარიშზე წვდომა სხვადასხვა დროს ოთხჯერ შეუზღუდა.

გრინის თქმით, კომპანიის მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვა ამტკიცებს, რომ Twitter-ი ამერიკის "მტერია". სოციალურ ქსელ Telegram-ში გამოქვეყნებულ პოსტში გრინი წერს, რომ სოციალური მედიის პლატფორმები ხელს ვერ შეუშლიან სიმართლის გავრცელებას. მან Twitter-ი "კომუნისტურ რევოლუციაში" აშშ-ს მტრების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

კონგრესმენის ანგარიში მას შემდეგ დაიბლოკა, რაც მან პირველ იანვარს ცრუ ინფორმაცია დაწერა, რომ კორონავირუსის ვაქცინები დიდი რაოდენობით ადამიანების სიკვდილს იწვევს.

Twitter-ის წარმომადგენლმა BBC-ისთან საუბრისას თქვა, რომ მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში კორონავირუსზე დეზინფორმაციის შესახებ სოციალური ქსელის წესების რამდენჯერმე დარღვევის გამო დაიბლოკა. Twitter-ის განაწესით, დეზინფორმაციის გავრცელების მეხუთე შემთხვევაზე ანგარიშს სამუდამოდ ბლოკავენ.

მეოთხე გაფრთხილება და ანგარიშზე დროებით წვდომის შეზღუდვა გრინმა ბოლოს 2020 წლის აგვისტოში მიიღო, როცა წერდა, რომ კორონავირუსის ვაქცინები არაეფექტიანი იყო და მარეგულირებელ ორგანოს მოუწოდა, ახალი ვაქცინები არ დაემტკიცებინა.

კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი 2021 წლის თებერვალში შეთქმულების თეორიების გაზიარების გამო კომიტეტებიდან გარიცხეს.

გრინი იზიარებდა უსაფუძვლო შეთქმულების თეორიებს, მათ შორის იყო შეთქმულების თეორია, რომ აშშ-ს სკოლებში მომხდარი სროლები და 11 სექტემბრის ტერაქტი დადგმული იყო.

გრინის საბიუჯეტო და განათლების კომიტეტებიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა ყველა დემოკრატმა და 11-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.

კომენტარები