აშშ-ს კონგრესი

აშშ-ს თავდაცვის აქტის ახალი პუნქტები საქართველოზე ანგარიშის ვადებს და პირობებს განსაზღვრავს

Time

აშშ-ს თავდაცვის აქტს საქართველოს საკითხზე პუნქტები დაემატა, რომლებიც განსაზღვრავს, რა ვადებში უნდა განიხილოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და წარუდგინოს კონგრესს ანგარიში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

აქტი ჯერ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, შემდეგ კი კონგრესმა. მისი სრული ვერსია გამოქვეყნდა და დაემატა პუნქტი საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის შეფასების თაობაზე.

"აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობას დემოკრატიული ღირებულებების მუდმივ განვითარებაში, საარჩევნო რეფორმების გზაზე კორუფციასთან ბრძოლაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველოს კერძო სექტორი დაიცავს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღებას და დაცვას.

ასევე, განვაგრძობთ ახლო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან თავდაცვის და უშიშროების სფეროებში, რათა გაიზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და პარტნიორებთან ფუნქციონალური თავსებადობა, ომის კანონების დაცვა და თავდაცვითი ინსტიტუტების გაძლიერება.

ამ აქტის მიღებიდან არაუმეტეს 180 დღის ვადაში სახელმწიფო მდივანმა უნდა წარმოუდგინოს კონგრესის კომიტეტებს ანგარიში რომელიც შეიცავს შემდეგს:

ანალიზი იმისა, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

ანალიზი იმისა, ახორციელებს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიანად საარჩევნო რეფორმას, პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის დამოუკიდებლობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ჩარევისგან, ეფექტიანად ატარებს თუ არა საჭირო პოლიტიკას გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე შეუფერხებელი წვდომის ტვალსაზრისით. იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას. ასევე ნებისმიერი სხვა საკითხის შესახებ, რასაც სახელმწიფო მდივანი ჩათვლის შესაფერისად".

ეს დამატება შევიდა აშშ-ს 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომლითაც თავდაცვის ხარჯებისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა. აქტს 23 ივლისს აშშ-ს სენატმა 86 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. მანამდე ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. აქტის ეს დამატება წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ტექსტში შევიდა და განსახილველად კვლავ სენატს გადაეცა.

მანამდე კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ ტექსტში ლაპარაკი იყო რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე და ამისათვის ხაზგასმულია შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს და უკრაინის ჩართულობის მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ სენტაში თავდაცვის აქტის კენჭისყრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ აშშ-მ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მიმართ განუხრელი მხარდაჭერა ყოველგვარი პირობითობის გარეშე და "ოპონენტებმა" უშედეგოდ სცადეს, წარმოეჩინათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის კონტექსტში".

აშშ-ს თავდაცვის აქტში  ცვლილება დაარეგისტრირა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხებოდა, თუმცა მას ეს შესწორება კენჭისყრაზე არ გაუტანია.

ასევე საგულისხმოა, რომ 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებას მოიცავს, კონგრესში კვლავ განიხილება. აქტი წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა და მას ახლა სენატი განიხილავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აქტის მიღებაზე საუბრისას იცრუა, რომ კანონპროექტიდან ამოიღეს ორი პუნქტი, რომელიც მედიის თავისუფლებას და პარტიებს ეხებოდა.

რეალურად ამ კანონპროექტში საქართველოს ნაწილში შესწორება არ შესულა, ხოლო მის თანმხლებ განმარტებით ანგარიშში ნათქვამია:

"სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით."

კომენტარები