NCDC

NCDC: ჩვენი საყვარელი ადამიანების დასაცავად წელს, როგორც არასდროს, საჭიროა მეტი სიფრთხილე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი (NCDC) ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

გავრცელებულ განცხადებაში NCDC წერს, რომ მობილობა Covid-19-ის ინფიცირებისა და გავრცელების რისკს ზრდის, შესაბამისად, სასურველია, რომ სადღესასწაულო დღეებში გადაადგილება და სოციალური აქტივობა მაქსიმალურად შემცირდეს.

"ახალი წელი არის დღესასწაული, როდესაც ყველა ჩვენი საყვარელი ადამიანი ერთად ვიკრიბებით და ერთმანეთს სიხარულსა და დადებით ემოციებს ვუზიარებთ. 

ჩვენს ქვეყანაში შობა-ახალი წლის აღნიშვნას განსაკუთრებული ტრადიცია აქვს. 

ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად წელს, როგორც არასდროს, საჭიროა, მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. როდესაც ქვეყანაში Covid-19-ის შემთხვევების რაოდენობა და ახალი შტამი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, აუცილებელია, დავიცვათ ყველა ის რჩევა, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიზიარებენ:

  • მობილობა ზრდის COVID-19-ით ინფიცირების და გავრცელების რისკს. შესაბამისად, სასურველია სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეამციროთ გადაადგილება და სოციალური აქტივობა.
  • სადღესასწაულო უქმეების დროს მოერიდეთ ფართომასშტაბიან სოციალურ ღონისძიებებს. ერთმანეთთან დაიცავით სულ მცირე 1 მეტრის დისტანცია.
  • ატარეთ პირბადე და დაიცავით ხელის ჰიგიენა.
  • შეამცირეთ დახურულ შენობაში გატარებული დრო და ხშირად გაანიავეთ საერთო სივრცე.
  • არ გადადოთ ვაქცინაცია. ორჯერ აცრის შემთხვევაში კი გახსოვდეთ, ბუსტერ დოზის აუცილებლობა.

გილოცავთ ბედობას, გისურვებთ ჯანმრთელობასა და პანდემიაზე მალე გამარჯვებას!" – წერს NCDC. 

2 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში Covid-19-ზე ჩატარდა 13 441 ტესტი, საიდანაც დადასტურდა ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 291 ინფიცირებული. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.92%-ია, ბოლო 14 დღის - 5.49%, ბოლო 7 დღის - 5.67%.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 937 640 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაიცვალა 13 905 და გამოჯანმრთელდა 900 159 მოქალაქე.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა. 31 დეკემბერსა და 1 იანვარს ღამის კლუბების სტუმრების შეზღუდული რაოდენობით მუშაობის უფლება მიეცათ.

კომენტარები