ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: საახალწლო განათებაში წელს შარშანდელზე მილიონით მეტი, ₾2 561 874 დაიხარჯა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საახალწლო განათებაში წელს შარშანდელზე მილიონით მეტი – 2 561 874 ლარი იხარჯება.

ორგანიზაციის ცნობით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან ქუჩების გასანათებლად ყველაზე დიდ თანხას – 699 910 ლარს ბათუმის მერია ხარჯავს. ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ გასულ წელსაც, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ფონზე, ბათუმის მერიამ ქუჩების გასაფორმებლად 500 393 ლარი დახარჯა.

ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, თბილისის მერიამ ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც შეიძინა საახალწლო განათებები და აქსესუარები. თბილსერვისმა ოთხი ტენდერი გამოაქვეყნა საახალწლო გირლიანდებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის. მერიის კომპანიამ ჯამში 444,530 ლარის ხელშეკრულება გააფორმა შპს ღამის შოუს სტუდიასა და შპს დანდისთან. თბილისის მერიის კომპანიამ წელსაც შეიძინა საახალწლო გირლიანდები და ნათურები, რომლებშიც ჯამში 338,730 ლარი გადაიხადა. მხოლოდ გირლიანდებსა და განათებებში 2020 წელს 616,640 ლარი დაიხარჯა.

"აქვე ჩნდება კითხვა თუ რატომ გახდა საჭირო წელსაც ასიათასობით ლარის დახარჯვა საახალწლო გირლიანდებში, როდესაც 2020 წელს ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა ქუჩის სადღესასწაულო განათებაში? ამ კითხვით ფლანგვის დეტექტორმა მერიის თბილსერვის ჯგუფს მიმართა, თუმცა გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საახალწლო განათებაზე გაწეული დანახარჯების სამეულში მოხვდა ფოთის მერიაც, რომელიც ქუჩების გასაფორმებლად 217,662 ლარს ხარჯავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისისა და ბათუმის მერიისაგან განსხვავებით, ფოთის მერიას პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, ქუჩების გასაფორმებლად თანხები არ დაუხარჯავს.

ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ თვითმმართველი ქალაქებიდან ყველაზე მცირე თანხა ქუთაისისა და რუსთავის მერიამ დახარჯა.

კომენტარები