კორონავირუსი საქართველოში

"პანდემიის დროს პროცენტი მომატებულია" – გამყრელიძის განმარტება ჰოსპიტალურ ინფექციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჰოსპიტალურ ინფექციაზე ისაუბრა. გამყრელიძის განმარტებით, ჰოსპიტალური ინფექციით გარდაცვალების შემთხვევები მომატებულია, რადგან კორონავირუსის გამო საავადმყოფოებზე დატვირთვა გაიზარდა და "კოლეგები საკმაოდ გადაღლილი არიან". 

"ის, რაც ითქვა ქალბატონი მინისტრის მიერ ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით, ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელმაც განსაკუთრებით, კიდევ მეტად თავი იჩინა კოვიდპანდემიის დროს. ეს არ არის ქართული ფენომენი. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ახლადწარმოშობილ ვირუსთან ერთად გახლავთ ანტიმიკრობული რეზისტენტობა, როდესაც უკვე ანტიბიოტიკები ვეღარ მოქმედებენ ჩვეულებრივად იმ შტამებზე, რომელიც გავრცელებულია. ეს არის გლობალური გამოწვევა, გლობალური პრობლემა. ამან განსაკუთრებით თავი იჩინა ასეთი მასობრივი ინფიცირების დროს, როგორიც გახლავთ კოვიდი, რომლითაც  ამ 2 წელიწადში 280 მლნ ადამიანი დაინფიცირდა და 5.4 მლნ, სამწუხაროდ, დაიღუპა.  მსოფლიოს ყველა საავადმყოფოს აქვს ინფექციის კონტროლის პრობლემები. სხვათა შორის, ზოგიერთი სააავდმყოფოები გარკვეულ ეტაპზე მალავდნენ ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით რეპორტინგს, რომელიც აუცილებელია სამედიცინო სტატისტიკაში. შემდგომ, მათ აეხსნათ, რომ ეს არ იქნებოდა დასჯის საგანი, პირიქით, იქნებოდა უფრო მეტი მუშაობის საგანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს ძალიან ბევრ გადამზადებას ნოზოკომიურ ინფექციებთან და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან. 

[...] ამას, რა თქმა უნდა, როლი აქვს და გარკვეულად პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრებულია, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი, ვინც, სამწუხაროდ, კოვიდით იღუპება, ეს არის ინფექციის კონტროლის ბრალი, ეს ასე არ არის. ემპირიულად პროცენტის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ეს პროცენტი რომ მომატებულია პანდემიის დროს, როდესაც დატვირთვა იზრდება საავადმყოფოებზე, განსაკუთრებით, რეანიმაციებზე და როდესაც ჩვენი კოლეგები საკმაოდ გადაღლილი არიან ამ 2 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მას თავისი როლი აქვს.   

მისივე თქმით, წამყვან კლინიკებში ნოზოკომიური ინფექციის პროცენტი, საშუალოდ, 5-7%, მაქსიმუმ 10% უნდა იყოს. გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ არ არსებობს კლინიკა, სადაც ეს პროცენტი 0-ია და "თუ გეუბნება კლინიკა, რომ მე 0% მაქვს ნოზოკომიური ინფექცია, ნიშნავს, რომ ის გატყუებს". 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჰოსპიტალური ინფექციის შემთხვევების გაზრდა არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები საავადმყოფოში მისვლას უნდა "მოერიდონ", რადგან, მისივე განმარტებით, კლინიკაში მეტი საშუალებაა, ადამიანს დაეხმარონ, ვიდრე ბინაზე.  

27 დეკემბერს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ პაციენტები უფრო ხშირად იღუპებიან არა COVID-19-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით, მთავარი გამოწვევა კი ინფექციის კონტროლია.

კომენტარები