მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ჩემს პროცესებამდე წარმოდგენაც არ შემეძლო, რა მძიმე ფორმაშია სასამართლო სისტემა

ჩემი სრული სოლიდარობა ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს უკანონო განაჩენის შემდეგ. ეს ხალხი დააპატიმრეს, რადგან მათ უარი თქვეს არჩევნების გაყალბებაში ჩართვაზე. ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პრინციპულობა და ღირსება არავის შეალახვინეს.

მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, სანამ ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე. საერთოდ მცდელობაც კი არ ჰქონია პროკურატურას რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან ჩვენება მოეგროვებინა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარ არის, ეს ელემენტარული ადამიანობის დაცინვაა!

წერია ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირად Facebook გვერდზე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ფირუზ წულუკიძეს, რევაზ წულუკიძეს, ირაკლი ჭელიძეს, გელა ჭელიძეს და ელდარ ანთაძეს სასამართლომ 4-5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე 2021 აპრილში დააკავეს. შსს-ს განმარტებით, 12 აპრილს გუმათჰესის დასახლებაში მიმდინარე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციაზე მათ ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. აქციის მონაწილეები მათ მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საუბრობდნენ. დაკავებულთა მხარდასაჭერად არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

 

კომენტარები