NATO-რუსეთი

ლავროვი: საქართველოს NATO-ში ძალით შეყვანის მცდელობები წითელი ხაზის დარღვევა იქნება

სერგეი ლავროვი
Vijesti

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ნატოში ძალით შეყვანის მცდელობებს წითელი ხაზის დარღვევად აღიქვამს. ლავროვის კომენტარს TASS ავრცელებს. 

ამის შესახებ ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა. 

TASS-ის ცნობით, ლავროვმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო მინისტრებთან მოლაპარაკებების დროს მხარეებს "ჰიპოთეტური სცენარები არ განუხილავთ".

"მათ შორის ის, რაც ეხება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ძალისმიერი შეყვანის მცდელობებს მისი ხალხის დიდი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ცნობილია: ეს იქნება წითელი ხაზი, თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან მოახლოებას".- თქვა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, აჩვენებს, რომ "რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული მოვლენების ნეგატიური განვითარების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც ნატოს ზოგიერთი სტრატეგის სცენარშია."


რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.

კომენტარები