მიხეილ სააკაშვილი

ჯაფარიძე: არავისთან ნაჩხუბარი არ ვარ და შესარიგებელი არაფერი მჭირს

"არავისთან ნაჩხუბარი არ ვარ და შესარიგებელი არაფერი მჭირს. თუ რამე მოხდება, უნდა მოხდეს შეთნხმება სამართლიან თამაშის წესებზე". - ასე აფასებს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, წამოიწყოს შერიგების პროცესი "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა ამ პროცესს პოზიტიურად იმიტომ აფასებს, რომ ლიდერი ჰყავთ ციხეში და პრეზიდენტს აქვს ბერკეტი, რომ შეიწყალოს ის. 

"ამას იმის გამო აკეთებს [ნაციონალური მოძრაობა] მათ შორის ასე პოზიტიურად ამიტომ აფასებენ ამ პროცესს საჯაროდ, რადგან კონკრეტული პრობლემა აქვთ, ლიდერი ჰყავთ ციხეში და იციან, რომ პრეზიდენტს ფორმალურად ეს ბერკეტი აქვს, რომ შეიწყალოს. ამიტომ, ყველანაირად ეცდებიან, რომ იქნებ ზურაბიშვილმა ეს ბერკეტი გამოიყენოს და მათი ლიდერი გამოიყვანონ ციხიდან. ისინი ცდილობენ ყველა გზის გამოყენებას, ოღონდ ლიდერი გამოიყვანონ ციხიდან, რაც ბუნებრივი ამბავია". - ამბობს ჯაფარიძე. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, დღეს დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგას და, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა. 

კომენტარები