ხორბალი

2022 წელს რუსეთი ხორბლის ექსპორტის კვოტის დაწესებას 8 მლნ ტონაზე გეგმავს

ft.com

მსოფლიოს ხორბლის უდიდესი ექსპორტიორი რუსეთი 2022 წლიდან მარცვლეულის ექსპორტზე კვოტების დაწესებას გეგმავს. მთლიანობაში, მომავალი წლისთვის რუსეთიდან საექსპორტოდ 11 მლნ ტონა მარცვლეული იქნება განკუთვნილი, მათ შორის, 8 მლნ ტონა ხორბალი.

თავდაპირველად კვოტის დაწესებას რუსეთი 14 მლნ ტონა მარცვლეულზე და 9 მლნ ტონა ხორბალზე გეგმავდა, თუმცა პროგნოზები შეიცვალა.

2021 წელს მარცვლეულის ექსპორტის კვოტა 17.5 მლნ ტონაზე იყო დაწესებული, თუმცა, წლევანდელ სეზონზე მოსავლიანობა შემცირებულია და გაზრდილია საექსპორტო გადასახადიც.

რუსეთში, რომელიც, მსოფლიოს გარდა, საქართველოსთვისაც ხორბლის უდიდესი ექსპორტიორა, ინფლაცია 6-წლიან მაქსიმუმზეა. განსაკუთრებით გაძვირებული კი საკვები პროდუქტებია და მარცვლეულის ექსპორტზე კვოტების დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს ფაქტორია.

2021 წელს რუსეთში ხორბლის მოსავალი 75 მლნ ტონამდე, გასულ წელთან შედარებით 10 მლნ ტონით შემცირდა.

რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე გადასახადი მიმდინარე წლის ივნისიდან შემოიღო და მისი რაოდენობა 1 ტონაზე 58.78 აშშ დოლარი იყო. მოსალოდნელია, რომ გადასახადი 22-28 დეკემბრის კვირაში $94 დოლარს მიაღწევს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, დიმიტრი პატრუშევის თქმით, არსებული მცურავი საექსპორტო გადასახადის ფორმულა შესაძლოა შეიცვალოს, რათა მოხერხდეს უფრო მაღალი ფასების დაწესება იმ შემთხვევაში, თუ ხორბლის საერთაშორისო ფასი სამომავლოდ 1 ტონაზე 400 აშშ დოლარს მიუახლოვდება.

გაზრდილი ფასებისა და მოსავლის შემცირების გამო რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი ამ სეზონზე 37.5%-ით შემცირდა.

მიწოდების შემცირება, ხორბლის იმპორტიორ ქვეყნებს შორის გაზრდილი კონკურენცია და მოთხოვნა ფასებს საერთაშორისო ბაზარზეც მაღლა წევს.

Business Insider-ის მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისში 1 ტონა ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 180-190 აშშ დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა მას შემდეგ ფასი, დაახლოებით, 60%-ით გაიზარდა და 2021 წლის ნოემბრისთვის 300-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა.

ცნობისთვის, საქართველოს ხორბლის იმპორტი თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული რუსეთზე. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებულ ხორბალში გადახდილი თანხის 99.5% რუსეთზე მოდიოდა. საქსტატის თანახმად, 2020 წელს საქართველომ 102.4 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, დანარჩენი 490.9 ათასი ტონა კი იმპორტირებული იყო და მისმა ღირებულებამ 107.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

2021 წლის 10 თვეში საქართველომ რუსეთისგან 73 მლნ აშშ დოლარის ხორბალი და მესლინი იყიდა, წინა წლის 10 თვეში კი - 88.3 მლნ-ის. 2020 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის და მესლინის ღირებულება 107.4 მლნ აშშ დოლარი იყო.

კომენტარები