ხორბალი

საკვებზე მაღალი ინფლაციის გამო არგენტინა ხორბლის ექსპორტს ზღუდავს

არგენტინის ხელისუფლებამ ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე მაღალ ინფლაციასთან გასამკლავებლად სიმინდისა და ხორბლის ექსპორტზე კვოტებს დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 

მთავრობა, პირველ რიგში, გადაწყვეტს თუ რა ოდენობის მარცვლეული დასჭირდება ქვეყნის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, შემდეგ კი ექსპორტიორებს აუკრძალავს იმგვარი გადაზიდვების რეგისტრაციას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მარცვლეულის მიწოდებას ქვეყანაში.

"ეს არის გამოსავალი, რომელსაც საკვების ინდუსტრიაში აუცილებლად მიიჩნევენ პროგნოზირებადობის გასაზრდელად", - თქვა არგენტინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჟულიან დომინგესმა.

არგენტინა ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყანაა მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის კუთხით. სამხრეთ-ამერიკული ქვეყანა მსოფლიოში მესამე ყველაზე დიდი სიმინდის ექსპორტიორია, ხოლო ხორბლის ექსპორტით მე-7 ადგილზეა, სწორედ ამიტომ, არგენტინაში მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებამ, შესაძლოა, მსოფლიო აგრიკულტურის ბაზარზეც გამოიწვიოს რყევები.

ამჟამად არგეტინაში საკვები პრდუქტების ფასები, დაახლოებით, 51%-ითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, ეს ნაბიჯი სწორედ მაღალი ინფლაციის შეკავებას ემსახურება.

მაღალი ინფალციის გამო მსოფლიოს უდიდესი ხორბლის ექსპორტიორი რუსეთიც 2022 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესებას აპირებს, რომელიც წლის ბოლოს მოსავლის მოცულობების დაზუსტებისა და სოფლის სამეურნეო წლის პირველი ნახევრის საექსპორტო ტემპების გათვალისწინებით განისაზღვრება.

2021/22 წლების სავაჭრო სეზონის დაწყების შემდეგ რუსული ხორბლის ექსპორტი 36.5%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც შემცირებული მოსავლიანობა და საექსპორტო გადასახადია. რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე გადასახადი მიმდინარე წლის ივნისიდან შემოიღო და მისი რაოდენობა 1 ტონაზე 58.78 აშშ დოლარი იყო, ახლა კი 80 აშშ დოლარზე მეტია.

Business Insider-ის მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისში 1 ტონა ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 180-190 აშშ დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა მას შემდეგ ფასი, დაახლოებით, 60%-ით გაიზარდა და 2021 წლის ნოემბრისთვის 300-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა.

 

კომენტარები