ხორბალი

დავითაშვილი: პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ საქართველოს ხორბლით შეუფერხებლად უზრუნველყოფთ

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ხორბლით შეუფერხებელი უზრუნველყოფის პასუხიმგებლობა აიღო.

რუსეთმა, რომელიც საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მიმწოდებელია, 26 აპრილს ხორბლის ექსპორტის უტარიფო კვოტა შეავსო და საზღვარგარეთ მისი გაყიდვა შეწყვიტა.

"ჯერ ერთი, საქართველოში პურის ფასები არის გაკონტროლებული და შენარჩუნებული და მეორე, ხორბლისა და მარაგების არსებობის შესახებ კითხვის ნიშანი ამ ქვეყანაში არ დასმულა იმიტომ, რომ სამინისტრო ახდენს მონიტორინგს და ატარებს ყველა ღონისძიებას, რაც საჭიროა მინიმალური კრიტიკული მარაგების შესავსებად", - თქვა დავითაშვილმა. 

ის ამბობს, რომ ხელისუფლება აგრარულ დარგში პირველივე დღიდან თანმიმდევრულია, ხოლო ოპოზიციის კრიტიკა პოპულისტური. 

"ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში დილეტანტურია მათი განცხადებები, მოკლებულია არსს, მათ არ აქვთ ბევრი ინფორმაცია და არ აქვთ მათ შორის პროფესიონალური ცოდნა, რომ სწორად შეაფასონ ვითარება და სწორი დასკვნები გამოიტანონ. ისინი უბრალოდ ცდილობენ, ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებით ისარგებლონ და ამ რთულ ვითარებაში მანიპულირებენ ფერმერების გრძნობებით", - ამბობს ლევან დავითაშვილი. 

2019 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი რუსეთია. რუსეთზე მთლიანად იმპორტირებული ხორბლის თითქმის 90% მოდის. გასული წლის მონაცემებით, მთლიანად იმპორტირებული 492 ათასი ტონა ხორბლიდან, 430 ათასი ტონა - 87% - რუსეთიდან შემოვიდა. 

წინა წლებში რუსული ხორბლის წილი მთლიან იმპორტში კიდევ უფრო მაღალი იყო. მაგალითისვის, 2017 წელს საქართველოში $98 მილიონის ღირებულების 512 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რომლის 99.5%-იც საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან იყიდა.

კომენტარები