კრიმინალი

შსს: ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მათთვის მიმართვის გამო 5 ადამიანი დავაკავეთ

შსს/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობისა და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 5 ადამიანი დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან - 1982 წელს დაბადებული ი.მ. 1975 წელს დაბადებული გ.გ. (მეტსახელად გადაბმული), 1978 წელს დაბადებული კ.ჟ. 1984 წელს დაბადებული შ.კ. და 1966 წელს დაბადებული გ.ს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო, მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს. ამის შემდეგ, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა მოდავე მხარეებთან ერთად ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს. შეხვედრებზე ქურდული სამყაროს წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან 50 000 ლარიდან, ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს, დავაში ჩართული კანონიერი ქურდებისათვის გარკვეული თანხის გაგზავნა. 

მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდეგაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ კანონიერ ქურდებთან, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას". - თქვეს შსს-ში ბრიფინგზე. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

კომენტარები