პოლიტიკური კრიზისი

პოლარიზაცია, არჩევნები, სასამართლო, 5 ივლისი – PACE-ს თანამომხსენებლების შეფასება

PACE

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეონი (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) 8-10 დეკემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ სეროზულ შეშფოთებას გამოხატავენ ქვეყანაში უკიდურესად პოლარიზებული გარემოს გამო, რაც, მათი აზრით, გამორიცხავს პოლიტიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული მდგომარეობა ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

"თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობაა. ამიტომ მოუწოდეს განსაკუთრებით ორ უმსხვილეს პარტიას, ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეროვნული კეთილდღეობა ვიწრო პარტიულ-პოლიტიკური სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ". – ნათქვამია განცხადებაში.

თანამომხსენებლების აზრით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მოლოდინების შესაბამისად, "დე ფაქტო პლებისციტი" იყო და საარჩევნო დაპირისპირება გამოიწვია. ისინი მიესალმებიან საარჩევნო კოდექსის რეფორმას, თუმცა ხაზს უსვამენ საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ძალადობის ფაქტებს. თანამომხსენებლები ხელისუფლებას ფაქტების გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

PACE-ს თანამომხსენებლები ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ მართლმსაჯულების რეფორმების გატარებისკენ, რომლებიც 19 აპრილის შეთანხმების ნაწილიც იყო.

"მომხსენებლებმა ღრმა სინანული გამოთქვეს, რომ პარლამენტმა გააგრძელა უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნა, მიუხედავად საერთაშორისო მეგობრების მოწოდებებისა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმის აუცილებლობას, რომლის ფუნქციონირება კვლავ დაბრკოლებად რჩება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებისთვის". – ვკითხულობთ განცხადებაში

თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოთქვეს 5 ივლისს LGBTQ+ თემის მიმართ მზარდი შეუწყნარებლობის გამო. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები და კონტრაქციები, რომლებიც პრაიდის კვირეულის განმავლობაში მოხდა. თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, გამოიძიონ დანაშაულებრივი ქმედებები და დაისაჯონ დამნაშავეები, მათ შორის ძალადობის ორგანიზატორები.

კომენტარები