აშშ-საქართველო

საგამოძიებო სამსახურმა აშშ-ს მიერ სანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ ქართულ კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის  გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

"გამოძიებას საფუძვლად დაედო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა კომპანიის მიერ ხდება საბაჟო წესის დარღვევით საქონლის/ტვირთის ტრანსპორტირება, განხორციელებული ფინანსური ოპერაციები სრულად არ აისახება კომპანიების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, რის შედეგადაც საბაჟო წესების დარღვევის გზით, ადგილი აქვს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადებისათვის თავის არიდებას, ასევე შემდგომში, სხვადასხვა დანაშაულებრივი გზით, ხდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია". – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 218-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული და საგარეო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო, აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტმა 40 კომპანია ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, მათ შორის სამი მათგანი საქართველოშია რეგისტრირებული

საქართველოში რეგისტრირებულ სანქცირებულ კომპანიებს შორისაა: 

  • Gensis Engineering;
  • ROV Solutions;
  • SAEROS Safety ERO Company. 

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ეს სამი კომპანია არღვევს საექსპორტო კონტროლს და წინააღმდეგობაშია აშშ-ს საგარეო ინტერესებთან. კერძოდ, მათი საშუალებით ხორციელდებოდა ან იყო ირანის თავდაცვის ძალებისთვის ამერიკული წარმოების ტექნიკის არალეგალური გზებით მიწოდების მცდელობა.

კომენტარები