აშშ-საქართველო

ნონიაშვილი სანქცირებულ კომპანიებზე: მნიშვნელოვანია გაირკვეს, რეალურად ვინ დგას მათ უკან

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის მიერ ქართული კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. ნონიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რეალურად ვინ დგას იმ ქართული კომპანიების უკან, რომლებიც ირანის თავდაცვას ამერიკულ ტექნიკას აწვდიდნენ.

"ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა დაუწესა სანქციები 3 კომპანიას, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული. მათი მფლობელები არიან ლევან კოტიაშვილი, ირაკლი კოტიაშვილი და ნინო ჯულაყიძე. ეს არის ერთი ოჯახი, მათი სახელები სინამდვილეში არაფერს არ გვეუბნება, არანაირი ინფორმაცია არ იძებნება და, რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რეალურად ამ კომპანიების უკან ვინ დგას, რომლებიც ირანის თავდაცვის ძალებს აწვდიდნენ ამერიკულ ტექნიკას. ეს ჩვენი საგარეო ინტერესებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენ აშშ-ს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ვართ და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ აქამდე მიექცია ჩვენს ხელისუფლებას ყურადღება ამ კომპანიებისთვის და არა მას შემდეგ, რაც აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტი ამ კომპანიებს სანქციებს დაუწესებდა. თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ჩვენმა ფინანსთა და საშემოსავლო უწყებებმა გაარკვიონ ან გაერკვიათ, ეს კომპანიები რას საქმიანობენ და რით ოპერირებენ". – თქვა ნონიაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული და საგარეო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტმა 40 კომპანია ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, მათ შორის, სამი მათგანი საქართველოშია რეგისტრირებული. 

საქართველოში რეგისტრირებულ სანქცირებულ კომპანიებს შორისაა: 

  • Gensis Engineering;
  • ROV Solutions;
  • SAEROS Safety ERO Company.

კომენტარები