პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე შერიგებაზე: ასეთ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლის მოტყუებაა

ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "შერიგებასა" და ამ პროცესში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიატორობა განწირული პროცესია და ოპოზიციის მხრიდან ამ პროცესში შესვლა საკუთარი თავის და ამომრჩევლი მოტყუება იქნება. ამის შესახებ ჯაფარიძე საკუთარ Facebook გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ამბობს, რომ "შერიგების" პროცესში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა, არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი, რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს.

ჯაფარიძის განმარტებით, "შერიგების" პროცესი შესაძლებელია მაშინ, თუ მხარეებს ავტორიტეტული ძალა მოუწოდებს, როგორიც დასავლეთია და ამის მცდელობა იყო შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ასეთი ძალა შეიძლება ყოფილიყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეც, თუმცა, ჯაფარიძის თქმით, ილია მეორე ამას არ იზამს, რადგან "ბოლომდე ჩახუტებულია ბიძინა/ოცნებასთან და იყენებს მას/ამ პოლიტიკურ ძალას საკუთარი პოლიტიკური და მატერიალური კაპიტალის გასაზრდელად".

"1. "შერიგებისთვის" აუცილებელია რომ მინიმუმ ორივე მხარეს საერთო მიზანი ჰქონდეს, მაგალითად ქვეყნის წინსვლა, კრიზისის დაძლევა, პოლარიზაციის დასრულება ან რამე მაგავსი. არაფერი მაგავსი ამჟამად არ გვაქვს სახეზე. ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ თავის პრობლემებიანად, მეორე მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს და წლებია ამისთვის იყენებს პოლარიზაციას და კრიზისს.

2. ასეთ მოცემულობაში ‘შერიგება’ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს ამის გაკეთებას ‘დააძალებს’ მესამე, წონიანი, ავტორიტეტიანი ძალა. ასეთი შეიძლება ყოფილიყო დასავლეთი. ამის მცდელობა იყო 19 აპრილის შეთანხმება. მაგრამ არ გამოვიდა და არ გამოვა, რადგან ბიძინას/ოცნებას არ ადარდებს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ასეთი შეიძლება ყოფილიყო პარტიარქი, მაგრამ ის ამას არ იზამს, რადგან ბოლომდე ჩახუტებულია ბიძინა/ოცნებასთან და იყენებს მას/ამ პოლიტიკურ ძალას საკუთარი პოლიტიკური და მატერიალური კაპიტალის გასაზრდელად. ერთნი არიან.

3. სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს, არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს. შესაბამისად მთელი ეს ‘შერიგების’ პროცესი არის აპრიორი განწირული და ემსახურება მხოლოდ დემოკრატიული პროცესის ილუზიის შექმნას, თითქოს ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც ვინმე რამეს ეკითხება. იმას რაც ვერ შესძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერაფერს უზამს სალომე ზურაბიშვილი.

4. ასეთ, წინასწარ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ნიშნავს ერთი მხრივ საკუთარი თავის და ამომრჩევლის მოტყუებას, თითქოს ბიძინასთან/ოცნებასთან მოლაპარაკება ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო საკითხზე შესაძლებელია, ისე რომ უკან ანგარიშგასაწევი ძალა არ გედგეს, ხოლო მეორე მხრივ ნიშნავს საკუთარი სისუსტის საჯარო დემონსტრირებას, როცა ბოლო მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება თავზე გადაგახიეს, ისე რომ ამისთვის არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაუხდიათ, და, მიუხედავად ამისა, მაინც იგივე წყალში ცდილობ მეორედ შესვლას.

5. ბიძინას/ოცნებას, ზუსტად ისე როგორც რუსეთს, ესმის მხოლოდ ძალის ენა. ის/ისინი არ დათმობენ ძალაუფლების არცერთ ბერკეტს კეთილი სურვილებიდან/მიზნებიდან გამომდინარე. მას/მათ ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ წაართვა. ამისთვის საჭიროა ძალების მობილიზება და არა ილუზორულ პროცესებში თავით გადაშვება. მანამ სანამ საკმარისი ძალა არ გვაქვს, ის/ისინი წაიღებენ ყველაფერს და ეცდებიან კიდევ უფრო გაიმყარონ საკუთარი ძალაუფლება. ამჟამად აქვთ შეტევა სიტყვის/გამოხატვის თავისუფლებაზე (და ეს შეტევა კიდევ გაგრძელდება სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ფორმით), რადგან ეს არის ბოლო, ყველაზე მძლავრი იარაღი ჩვენი, თავისუფალი ადამიანების ხელში. ამის ნაწილია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპოიციური მედიის შემოსავლებს, ისევე როგორც სასამართლო პროცესები ყველა რეიტინგული ოპოზიციური არხის მფლობელის წინააღმდეგ.

ან მოვიკრებთ ძალას და წავართმევთ, რასაც მეთოდური მუშაობა სჭირდება, ან გავაგრძელებთ ნძრევას და ტყუილში ცხოვრებას და ის/ისინი გააგრძლებენ ჭამას და ამ ქვეყნის ჭაობში ჩაძირვას.

თუ არ შეგეშინდებათ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა, ამის დანახვა არაა რთული". – წერს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის ზურაბ ჯაფარიძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, დღეს დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგას და, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

კომენტარები