კრიპტოვალუტა

ინგლისის ბანკი: შესაძლოა, ბიტკოინი ნულამდე გაუფასურდეს და ინვესტორებმა ყველაფერი დაკარგონ

ინგლისის ცენტრალური ბანკი

ინგლისის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის ინვესტორებს აფრთხილებს და იმ რისკების შესახებ მიუთითებს, რომელიც აქტივების ახალ კლასთანაა დაკავშირებული. 

ბანკის შეფასებით, ბიტკოინს და სხვა ციფრულ აქტივებს არ გააჩნიათ ფუნდამენტური ღირებულება, რის გამოც, შესაძლოა, მომავალში ბიტკოინი უსარგებლო გახდეს, ნულამდე გაუფასურდეს და ინვესტორებმა მასში დაბანდებული თანხა დაკარგონ. 

"ბიტკოინის ფასი საკმაოდ მერყევია და თეორიულად შესაძლებელია, რომ ის ნულამდეც დაეცეს". – ამბობს ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე, ჯონ კანლიფი. 

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ბიტკოინის შექმნიდან მოყოლებული, მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკები და ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტები კრიპტოვალუტით დაინტერესებულ ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ, შესაძლოა, ბიტკოინის ნულამდე გაუფასურდეს. 

მიუხედავად კრიპტოაქტივების მიმართ არსებული სკეპტიკური დამოკიდებულებისა, 2021 წლის ნოემბერში ბიტკოინის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს, 68 500 დოლარს მიაღწია, კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ კი 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. 

საგულისხმოა, რომ უკანასკნელ ხუთ წელიწადში ბრიტანული გირვანქა სტერლინგი ბიტკოინთან მიმართებით 99%-ით გაუფასურდა და ამჟამად ერთი გირვანქით მხოლოდ 0.000027 ბიტკოინის შეძენაა შესაძლებელი. მაშინ, როდესაც 2009-2010 წლებში ბიტკოინის ღირებულება 1 გირვანქაზე ნაკლები იყო. 

ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულება ბიტკოინთან მიმართებით

აშშ-ს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის შეფასებით, ბიტკოინის წარმატებისა და ფასის აღმავლობის მთავარი მიზეზი ის ფაქტია, რომ ბიტკოინი ინფლაციისგან თავის დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ბიტკოინის რაოდენობა 21 მილიონ ერთეულამდეა შეზღუდული და ამ ლიმიტის გადაჭარბება შეუძლებელია. 

"ჩვენ ვთვლით, რომ ფასის ზრდის უმთავრესი მიზეზი ბიტკოინის შესახებ არსებული წარმოდგენაა, რომ ის ინფლაციისგან თავის დასაცავად ოქროზე უკეთესია". – განმარტავენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ბიტკოინი ბოლო ათწლეულის საუკეთესო აქტივია, რადგან მისი ფასის ზრდის წლიური საშუალო მაჩვენებელი 200%-ს შეადგენს. შედარებისთვის, მიუხედავად ინფლაციის დონის ზრდისა, იმავე პერიოდში ოქროს ფასი არათუ გაზრდილია, არამედ შემცირებულია, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ, გარკვეულწილად, ინფლაციისგან ჰეჯირების საშუალებად ოქროს ბიტკოინი ანაცვლებს. 

კომენტარები