დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინამ თავის ტერიტორიაზე წვრთნებში ჩართვის უფლება უცხოურ სამხედრო ძალებსაც მისცა

REUTERS

უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 2022 წელს უცხოურ სამხედრო ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.

კანონპროექტის სამუშაო ვერსია პარლამენტში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიტანა. კანონპროექტის მიხედვით, უკრაინა გეგმავს მომავალ წელს 10 ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატაროს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი პეტრენკოს თქმით, სამხედრო წვრთნებში 21 000 უკრაინელი სამხედრო და 11 500 სამხედრო აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნები იქნება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო.

"მრავალეროვნული წვრთნების ჩატარება ჩვენს ტერიტორიაზე დაგვეხმარება ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას გააძლიერებს" – თქვა პეტრენკომ.

ბოლო წლებში გაღრმავდა უკრაინის სამხედრო თანამშრომლობა დასავლეთის ქვეყნებთან. უკრაინა სისტემატურად იღებს მონაწილეობას NATO-ს წვერთნებში. მოსალოდნელია, რომ უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების და ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ახალი კანონპროექტი რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები