დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

"ზოგ დედაქალაქში შიში იმარჯვებს" – ზელენსკი გერმანიის მიერ იარაღის მიყიდვის დაბლოკვაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი

"ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს მსგავსი თავდაცვის ინსტრუმენტების შეძენის უფლება. თუმცა, ზოგიერთ დედაქალაქში, ძველებურად შიში იმარჯვებს", – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

გასულ დღეებში უკრაინის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ოლეკსი რაზნიკოვმა გერმანია დაადანაშაულა, რომ მათ გასულ თვეში ვეტო დაადეს NATO-ს ანტისადრონო და ანტისნაიპერული თავდაცვის იარაღების უკრაინისთვის მიყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ დასავლეთს რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე აფრთხილებდა.

"ისინი ისევ აშენებენ გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკად 2-ს და ამავდროულად ჩვენს თავდაცვის იარაღებს ბლოკავენ. ეს ძალიან უსამართლობაა", – თქვა რაზნიკოვმა. 

"რუსეთმა ეს ომი 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. საუბედუროდ, ამას ვერ ვიტყვით ყველა ევროპულ ქვეყანაზე. მაგალითად, გერმანიამ ცოტა ხნის წინ ხელი შეგვიშალა NATO-ს ანტისადრონო იარაღებისა და ანტისნაიპერული სისტემების შეძენაში. ისინი ცალსახად თავდაცვითი იარაღებია. ნუთუ ომის მერვე წელს მათზე წვდომის უფლება არ გვაქვს? ნათელია, რომ გვაქვს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს მსგავსი თავდაცვის ინსტრუმენტების შეძენის უფლება. თუმცა, ზოგიერთ დედაქალაქში, ძველებურად შიში იმარჯვებს", – თქვა ზელენსკიმ.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები