უკრაინა

კლიჩკო: სამშობლოსთვის ვიომებ, არ დავუშვებთ, რუსეთმა საბჭოთა იმპერიაში დაგვაბრუნოს

Liga.net

კიევის მერისა და ყოფილი მოკრივის, ვიტალი კლიჩკოს წერილი გერმანულ გამოცემა Build-ში გამოქვეყნდა.

წერილში კლიჩკო რუსეთთან მოსალოდნელ შეიარაღებულ კონფლიქტზე მსჯელობს და გერმანიას სამხედრო დახმარებას სთხოვს.

"უკრაინაში ვემზადებით იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენი, ვლადიმერ პუტინი ომს გამოგვიცხადებს, რუსული ჯარი კი უკრაინის ტერიტორიაზე შემოიჭრება, ისევე, როგორც ეს 2014 წელს მოხდა.  

ჩემს მშობლიურ ქალაქში, კიევში, ვემზადებით საგანგებო მდგომარეობისთვის და მე, როგორც მერი, სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზებით ვარ დაკავებული. ჩვენ დავიწყეთ სამხედრო გაწვევა და რეზერვისტების გადამზადება.

როგორც ჯარისკაცმა, მე ოდესღაც დავიფიცე, რომ საკუთარ ქვეყანას დავიცავ და მზად ვარ ვიომო სამშობლოსთვის. 

გერმანია უნდა მიხვდეს, რომ სიტუაცია ძალიან რთულია.

პუტინმა ჩვენი ქვეყნის საზღვართან 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი განალაგა, რაც უპრეცედენტო საფრთხეა. არსებობს უკრაინაზე თავდასხმის მრავალი სცენარი და თითოეულისთვის მზად უნდა ვიყოთ. 

ხშირად მესმის აზრი, რომ პუტინი უკრაინას თავს არ დაესხმება, რომ ეს უბრალო მუქარა და თამაშია. მსგავსი დისკუსიები მახსოვს 2014 წელს, მაშინაც საერთაშორისო დამკვირვებლებს ომის საფრთხე არარეალური ეგონათ.

უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება საერთაშორისო მხარდაჭერა და სამხედრო დახმარება.

შეუძლებელია გერმანია წინააღმდეგი იყოს უკრაინაში თავდაცვითი იარაღის შემოტანის შესახებ მიღებული ალიანსის(NATO) გადაწყვეტილებისა. ფედერაციის ახალმა მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დახმარება, არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. უკრაინა ევროპის ცენტრშია და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ესაზღვრება.

ჩვენ არ გვსურს ომი, ჩვენ გვსურს მშვიდობა. ნებას არ მივცემთ რუსეთს დაგვაბრუნოს საბჭოთა იმპერიაში, რომელშიც უკრაინელ ხალხს ცხოვრება არ სურს". – წერს კიევის მერი.

კლიჩკო ყველა დროის ერთ ერთი ყველაზე ტიტულიანი მოკრივეა. მან 47 ბრძოლიდან 45 მოიგო და კრივის დიდების დარბაზის წევრი გახდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კლიჩკოს პარტია 42 მანდატით რადაში შევიდა. მოგვიანებით ყოფილი მოკრივე პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, თუმცა 2014 წელს კანდიდატურა პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ მოხსნა. 2014 წლიდან ვიტალი კლიჩკო ქალაქ კიევის მერის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები