ფეხბურთი

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა მარო მაყაშვილის ხსოვნას პატივი მაისურებით მიაგო

Netgazeti

ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთი საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის ხსოვნას პატივი მაისურებით მიაგო. 

ფეხბურთელები ჩემპიონატში კვარტალთან სათამაშოდ სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომლებზეც მაყაშვილის გვარი  და პირველი რესპუბლიკის დროშა არის დატანილი.

"100 წლის წინ საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი რუსულ ჯარებთან ბრძოლაში დაიღუპა. აგვისტოში, მარო მაყაშვილის დაბადების დღეს, გუნდს სპეციალური მაისურებით უნდა ეთამაშა, თუმცა ჩემპიონატი დროებით შეწყდა. გმირები აგვისტოშიც გმირები არიან, დეკემბერშიც და მუდამ გმირებად რჩებიან - სეზონის ბოლოსწინა მატჩზე, ქსკ კვარტალთან ფეხბურთელები სიმბოლური მაისურებით გამოვლენ". – წერია კლუბის ფეისბუკ გვერდზე.

გუნდმა მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა. ამ დროისთვის ლანჩხუთი ჩემპიონატს 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

19 წლის მარო მაყაშვილი 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა.

საბჭოთა არმიის შემოჭრის დღეებში, სტუდენტი მარო მაყაშვილი ფრონტზე მოხალისედ წავიდე და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეურთდა. 19 თებერვალს ის სასიკვდილოდ დაიჭრა ყუმბარის ნამსხვრევით კეფაში.

 

კომენტარები