მიხეილ სააკაშვილი

ხოშტარია: წამება და არაადამიანური მოპყრობაა, რაც სააკაშვილმა გაიარა – კვალი ცალსახაა

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, წამება და არაადამიანური მოპყრობაა, რაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაიარა პენიტენციურ სისტემაში ყოფნისას. ხოშტარია, რომელმაც 6 ნოემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, წერს, რომ მასზე წამების კვალი აშკარაა.

"გუშინ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით და განცდებით გამოვედი. არა მასზე. მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო, დაცლილი აგრესიისგან, რეფლექსია წარსულზე და მომავალზე. თავი ძალიან კარგად ეჭირა.

მაგრამ ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი. წამებაა, რაც მან გაიარა და არაადამიანური მოპყრობა. რადგან მეც გავდივარ შიმშილის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს და მან ჩემგან განსხვავებით დამატებით უამრავი შეურაცხყოფა გამოიარა, ზუსტად ვიგრძენი მისი მდგომარეობა. ძალიან რთულია ეს პროცესი. ორგანიზმის გამოღვიძება ბევრად უფრო რთულია. ასე არაა დაიზიანე, მორჩი და აღდგა.

ჰოდა, დავითრგუნე იმისგან, რომ წარმოვიდგინე რამხელა უფსკრულია ხალხის აღქმასა და რეალობას შორის. რეალურად მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა პირველ რიგში არის იმათი შეურაცხყოფა, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა და სამართალს ეძებს. ვისაც ძალადობა აწუხებს და მის მიმართ მსგავს ძალადობას და ამ ძალადობის კვალს თვალებში ჩახედავს, შეუძლებელია ყველაზე მეტად არ შეწუხდეს. მათი შეურაცხყოფაა ეს პირველ რიგში.

სამართლიანობის ამ სტანდარტის დამკვიდრება, შურისძიების სამართლიანობად გასაღება ანგრევს და დაანგრევს ჩვენს საზოგადოებას. თან ეს სახელმწიფოს დონეზე ხდება.

უმძიმესი ტვირთია ჩვენი სინდისისთვის ის, რაც მის თავს ხდება.

ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც გახარიასგან არის დაჩაგრული, ვუზიარებდი ჩემ ემოციებს და პირველი რაც თქვა, ღმერთმა დამიფაროს გახარია როდისმე ამ მდგომარეობაში ჩააგდონო. მეც ზუსტად ეს წარმოვიდგინე, ვთქვათ ღარიბაშვილი ან ბიძინა ვნახო ასე უფლება გათელილი, გული გამისკდება და თავს ვერ ვაპატიებ.

თუ არ გავაჩერეთ ეს ურთიერთგანადგურების საშინელი წრე, თუ არ დავნერგეთ სამართლიანობის სტანდარტი, სადაც პასუხისმგებლობა სამართალს და არა შურისძიებას ეფუძნება, საერთოდ არაფერს აზრი არ ექნება ამ ქვეყანაში. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ მშვიდად შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას. 30 წლის თავზე, იმ უბედურებების მერე, რაც გამოვიარეთ თუ ამ წერტილის საფრთხეს ვერ აღვიქვამთ კიდევ 30 და მეტი უბედურებაში ვიცხოვრებთ. მე მაინც მჯერა, რომ ეს ასე არ დარჩება და რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწევთ. მე ზუსტად ვიცი, ამისთვის ენერგიას არ დავიშურებ". – წერს ხოშტარია.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს.

კომენტარები