თბილისის მერია

მეტროსადგურ გოცირიძის რემონტს მერია სამი თვის ნაცვლად, წელიწად-ნახევარს ანდომებს

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს შპს კაიზერთან 3.15-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და თბილისის მერი, კახა კალაძე პირობას იძლეოდა, რომ რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდებოდა. 

მიუხედავად კალაძის დაპირებებისა, ცხრა თვეზე მეტია, რაც მეტროსადგური არ ფუნქციონირებს და ამ პერიოდში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების ნახევარიც კი არ შეუსრულებია. უფრო მეტიც, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ბაქნის რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის კრიტიკულადაა დაზიანებული და მთლიანად თავიდანაა ასაშენებელი.

"ბაქანი არის მთლიანად თავიდან ასაშენებელი, აქვს პრობლემა. გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს". – თქვა კალაძემ.

ათი თვის შემდეგ კალაძე ახალ პირობას გვაძლევს, მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება, ანუ დედაქალაქის მერიის მიერ მეტროსადგურ გოცირიძის რემონტზე დახარჯული ჯამური დრო არა სამ თვეს, არამედ წელიწად-ნახევარს მიაღწევს.

"მეტროსადგურ გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, აქ იყო ორი დიდი პრობლემა: კომპანიის პრობლემა, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისად, ეს კომპანია იქნა გაშვებული და შავ სიაში შეყვანილი. 

მეორე პრობლემა იყო ბაქნის უვარგისობა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და საჭირო გახდა ახალი პროექტის განხორციელება. უკვე დაწყებულია რეაბილიტაცია, ახალი ბაქნის პროექტის შექმნა. ეს იყო ერთადერთი სადგური გადახურვის გარეშე, დღეს უკვე მომზადებულია კონსტრუქციები, ესეც გადახურული სადგური იქნება და დაახლოებით, შვიდი თქვე დასჭირდება სამუშაოების მთლიანად დამთავრებას". – თქვა კახა კალაძემ 2021 წლის 3 დეკემბერს.
 
აღსანიშნავია, რომ სატენდერო პირობების თანახმად, 3 მილიონის სანაცვლოდ კომპანიას სარემონტო სამუშაოები 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა შპს კაიზერმა დოკუმენტით განსაზღვრული ვადებით არაერთხელ დაარღვია, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა. 

მერიის ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი კონტრაქტი შპს მამისონთან გააფორმა, რომელმაც განსაზღვრული სამუშაოები, დაახლოებით, 4.7 მილიონი ლარის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს.
 
ზუსტად რა დრო დასჭირდება სარემონტო სამუშაოებს და როდის გაიხსნება სადგური გოცირიძე, ჯერჯერობით, უცნობია. მეტროსადგურის გახსნამდე დიდუბიდან გოცირიძემდე დედაქალაქის მერიამ ავტობუსი N169 დანიშნა.  

კომენტარები