ქართული ოცნება

TI: 2013-2020 წლებში სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ქართული ოცნება / Georgian Dream / Facebook

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2013-2020 წლებში ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარ-სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მლნ ლარი დაიხარჯა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევა 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორის არის საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირები. 

ორგანიზაცია კვლევის მთავარ მიგნებებს გამოყოფს: 

  • ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა პიარში დასაქმებულ თანამშრომლებს ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან 140.5 მლნ ლარი გადაუხადეს. ყველაზე სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016  წელს დაიხარჯა.
  • 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, 578-დან 969-მდე (68%) გაიზარდა სახელმწიფო უწყებების პიარში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა.
  • თბილისის მერიამ 2018 წელს ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო შექმნა, რომელშიც გამგეობებსა და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გაერთიანდა. დედაქალაქის მერიაში  2020 წელს საშუალოდ 56 თანამშრომელი იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაზეც 1.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
  • საჯარო ინფორმაცია 322 სახელმწიფო უწყებიდან გამოითხოვეს. 35 დაწესებულებამ მათ ინფორმაცია არ ან არასრულად მიაწოდა. მათ შორის, აღსანიშნავია, მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლოს საჩივრით მიმართეს და კანონის შესაბამისად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოწოდებას მოითხოვენ.  

2013-2020 წლებში პიარ სამსახურებში დასაქმებულების რაოდენობა და ანაზღაურება 

ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებში პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება 2012 წლიდან, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა. ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 2016 წელს გაიცა და 20 მილიონამდე ლარი შეადგინა. 2020 წელს, პიარ-სამსახურების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა კი 18.4 მლნ ლარია.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას მსხვილმა უწყებებმა, მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ, 2020 წლის, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მთავრობის ადმინისტრაციამ 2019-2020 წლების მონაცემები არ მიაწოდეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით,  დროის ამ მონაკვეთში დასაქმებულთა რიცხვი და ხარჯები, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს. 

ორგანიზაციის ცნობით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პიარის მიმართულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2012 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა,  2018 წელს ყველაზე მეტი, 1107 ადამიანი იყო დასაქმებული. 

ყველაზე მსხვილი  უწყებები დასაქმებისა და ანაზღაურების მხრივ

კვლევის მიხედვით, სხვადასხვა წლებში პიარ-სამსახურებში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობისა და ანაზღაურების მიხედვით, ყველაზე დიდი უწყებებია: მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლიდერ უწყებებში მხოლოდ 2013 წელს მოხვდა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ტოპ 3 უწყების სია 2018-2020 და 2013-2017 წლებში პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობით წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, წლების მიხედვით, ტოპ 3 უწყების სია 2018-2020 და 2013-2017 წლებში პიარ-თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების მიხედვით ასე გამოიყურება: 

ორგანიზაცია ცალკე გამოჰყოფს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც, მათი ცნობით, ერთ-ერთი ლიდერი უწყებაა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურების მხრივ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, მთავარობის ადმინისტრაციამ 2019 წელს გამოთხოვილ ინფორმაციაში 2018-თან შედარებით რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდათ, ხოლო 2019-2020 წლების ინფორმაცია კი საერთოდ აღარ გაუგზავნეს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის კვლევაში მთავრობის ადმინისტრაცია 2013-2020 წლებში პიარის თანამშრომელთა ანაზღაურების მხრივ საერთო მონაცემებში მაინც პირველ ადგილს იკავებს და, არსებული მონაცემებით, 2013-2018 წლებში მთავრობის ადმინისტრაციამ ჯამში პიარ თანამშრომლების ანაზღაურებისთვის 12.3 მლნ ლარი დახარჯა.

კომენტარები