აშშ-რუსეთი

რუსეთმა აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ნაწილს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

რუსეთმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვა აშშ-ს საელჩოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც რუსეთში სამ წელზე მეტია მუშაობენ. მათ ქვეყანა 31 იანვრამდე უნდა დატოვონ. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ს საპასუხოდ მიიღო.

2022 წლის 30 იანვრამდე აშშ-ს დატოვება რუსეთის საელჩოს 27 თანამშრომელსა და მათ ოჯახებს მოუწევს. რუსეთის ელჩის თქმით, აშშ რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს, მაგრამ ვაშინგტონის განმარტებით, ეს დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება არ არის. გასულ წელს ვაშინგტონმა რუსეთი გააფრთხილა, რომ რუსი დიპლომატები აშშ-ში მხოლოდ სამი წლით შეძლებდნენ გაჩერებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თანახმად, დიპლომატების ჩანაცვლება შესაძლებელია. მისი განმარტებით, ეს წესი იმისთვის შემოიღეს, რომ რუსი დიპლომატები დაახლოებით იმავე სიხშირით ჩანაცვლებულიყვნენ, რა სიხშირითაც ამერიკელი დიპლომატები ნაცვლდებოდნენ რუსეთში აშშ-ს საელჩოში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, იმ დიპლომატებს, რომლებსაც რუსეთის დატოვება მოუწევთ, მომავალი სამი წლის განმავლობაში აშშ-ში დოპლომატიურ მისიაში მუშაობა აკრძალული აქვთ.

"მომავალი წლის პირველ ივლისამდე, თუ ვაშინგტონი სამწლიან წესს არ შეცვლის და კომპრომისზე არ წავა. რუსეთის დატოვება უფრო მეტ ამერიკელს მოუწევს, იმ რაოდენობით, რომელიც შეესაბამება რუსების აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ რაოდენობას." - თქვა ზახაროვამ.


რუსეთში აშშ-ს საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირებამ შეიძლება საელჩოს მუშაობა კიდევ უფრო შეზღუდოს. აშშ-ს დიპლომატიური მისია რუსეთში უკვე მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მხოლოდ მოსკოვში, საელჩოშია წარმოდგენილი. ეკატერინბურგში და ვლადივასტოკში აშშ-ს საკონსულოების დახურვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო მიღებული. ბოლო ერთი წლის მანძილზე კი საელჩოში ძალიან შემცირდა თანამშრომლების რაოდენობა. ამჟამად რუსეთში აშშ-ს დიპლომატიურ მისიაში 120 ადამიანია დასაქმებული. 2017 წელს მათი რაოდენობა 1 200 შეადგენდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც აშშ-ს საკონსულო წარმომადგენლობა არ ჰყავს ან სადაც "პოლიტიკური და უსაფრთხოების მდგომარეობა დაძაბულია ან იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ საკონსულოს საიმიგრაციო ვიზების გაცემის შესაძლებლობა ეზღუდება. ამ სიაში ისეთი ქვეყნები არიან, რომელთაც აშშ-ს ან საერთოდ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, ან ეს ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, მაგალითად კუბა, ირანი, სირია, იემენი, ვენესუელა.

შედეგად აშშ-ს საელჩომ მოსკოვში საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეწყვიტა. რუსეთის მოქალაქეები იძულებული იქნებიან ვიზის მისაღებად ვარშავაში მიმართონ აშშ-ს საელჩოს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული მხარე გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, 2022 წლისთვის საელჩოს ძირითადი საქმიანობის შეწყვეტა მოუწიოს.

აშშ-ს მიერ სანქციების ფარგლებში რუსი დიპლომატების გაძევების და საპასუხოდ რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევების გამო ორივე ქვეყანაში წარმომადგენლობითი მისიები შემცირდა.

2021 წლის აგვისტოში მოსკოვმა აშშ-ს საელჩოს აუკრძალა რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების თანამშრომლებად აყვანა, დარაჯების სამსახურის გარდა. შესაბამისად, ამერიკის საელჩოს მისიას მოსკოვში 182 თანამშრომლისა და ათობით კონტრაქტორის გათავისუფლება მოუწია. მოსკოვში ახლა მხოლოდ ასიოდე ამერიკელი დიპლომატია, როდესაც ვაშინგტონში 400-მდე რუსი დიპლომატი მუშაობს.

დიპლომატიური კრიზისის ფონზე  რუსეთის ელჩმა აშშ მარტში დატოვა. ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა დაკავშირებული იყო ბაიდენის ინტერვიუსთან, რომლის დროსაც მან ვლადიმირ პუტინს მკვლელი უწოდა. აშშ-ს ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი ვაშინგტონში 22 აპრილს, ახალ ადმინისტრაციასთან კონსულტაციებისთვის გაემგზავრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, მათ შორის ვაშინგტონიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთმა საპასუხოდ სარკისებური ზომები მიიღო. 

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ელჩების მოსკოვსა და ვაშინგტონში დაბრუნებაზე 16 ივნისს ჟენევის სამიტზე შეთანხმდნენ.

კომენტარები