აშშ-რუსეთი

აშშ რუსეთში ბოლო ორი საკონსულოს დახურვას გეგმავს

რუსეთის საკონსულო ეკატერინბურგში
TASS

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს რუსეთში აშშ-ს დარჩენილი ორი საკონსულო დახუროს. ინფორმაცია შაბათ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა.

ვლადივასტოკში არსებული საკონსულო - პერმანენტულად, ხოლო ეკატერინბურგის საკონსულო დროებით დაიხურება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თანახმად, მაიკ პომპეომ საკონსულოების დახურვის გადაწყვეტილება რუსეთში აშშ-ს ელჩთან, მაიკ სალივანთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, გადაწყვეტილება ემსახურება რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის უსაფრთხო და დაცული მუშაობის უზრუნველყოფას. 

საკონსულოებში მომუშავე 10 დიპლომატი მუშაობას მოსკოვში, აშშ-ს საელჩოში გააგრძელებს. ვლადივოსტოკის საკონსულო მარტის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამოა დახურული. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, საკონსულოს საბოლოოდ დახურვით წელიწადში 3.2 მილიონი დოლარი დაიზოგება. 

საკონსულოების დახურვის შემდეგ რუსეთში აშშ-ს დიპლომატიური მისია მხოლოდ საელჩოში იქნება წარმოდგენილი.

CNN-ის თანახმად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში გადაწყვეტილების საჭიროება ახსნილია იმ გამოწვევებით, რომელიც აშშ-ს მისიას ექმნება რუსეთში, მას შემდეგ რაც 2017 წელს რუსეთმა დიპლომატიური მისიის წევრების რაოდენობაზე აშშ-ს შეზღუდვა დაუწესა.

პარასკევს მაიკ პომპეომ აშშ-ს სახელმწიფო სააგენტოებზე კიბერთავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა. მარკ ლევინთან რადიო ინტერვიუში მაიკ პომპეომ თქვა, რომ მისი რწმენით რუსეთმა რამდენიმეთვიანი პერიოდის განმავლობაში მოახერხა აშშ-სა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო სააგენტოებისა და კერძო კომპანიების ქსელებში შეღწევა. 

ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა: აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი, აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი.

რუსეთი კიბერთავდასხმასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

კომენტარები