აშშ-რუსეთი

მოსკოვი: 27-ზე მეტი რუსი დიპლომატი აშშ-ს იანვარში დატოვებს

რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის, თქმით, 27-ზე მეტი რუსი დიპლომატი, საკუთარი ოჯახებით, ამერიკიდან გაძევებულია და ქვეყანას 30 იანვრისთვის დატოვებს.

"ჩვენი დიპლომატები გაძევებულები არიან… დიდი დიპლომატთა ჯგუფი - 27 ადამიანი, საკუთარი ოჯახებით, 30 იანვრისთვის დაგვტოვებს. ჩვენ პერსონალის სერიოზული დეფიციტი გვაქვს", - ამბობს რუსეთის ელჩი. 

რუსეთმა მანამდე თქვა, რომ 2016 წლის მერე, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა დაეძება, 100-მდე დიპლომატი იძულებული გახდა აშშ დაეტოვებინა. 

ამჟამად რუსეთში აშშ-ს დიპლომატიურ მისიაში 120 ადამიანია დასაქმებული. 2017 წელს მათი რაოდენობა 1 200 შეადგენდა.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც აშშ-ს საკონსულო წარმომადგენლობა არ ჰყავს ან სადაც "პოლიტიკური და უსაფრთხოების მდგომარეობა დაძაბულია ან იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ საკონსულოს საიმიგრაციო ვიზების გაცემის შესაძლებლობა ეზღუდება. ამ სიაში ისეთი ქვეყნები არიან, რომელთაც აშშ-ს ან საერთოდ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, ან ეს ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, მაგალითად კუბა, ირანი, სირია, იემენი, ვენესუელა.

შედეგად აშშ-ს საელჩომ მოსკოვში საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეწყვიტა. რუსეთის მოქალაქეები იძულებული იქნებიან ვიზის მისაღებად ვარშავაში მიმართონ აშშ-ს საელჩოს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული მხარე გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, 2022 წლისთვის საელჩოს ძირითადი საქმიანობის შეწყვეტა მოუწიოს.

აშშ-ს მიერ სანქციების ფარგლებში რუსი დიპლომატების გაძევების და საპასუხოდ რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევების გამო ორივე ქვეყანაში წარმომადგენლობითი მისიები შემცირდა.

2021 წლის აგვისტოში მოსკოვმა აშშ-ს საელჩოს აუკრძალა რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების თანამშრომლებად აყვანა, დარაჯების სამსახურის გარდა. შესაბამისად, ამერიკის საელჩოს მისიას მოსკოვში 182 თანამშრომლისა და ათობით კონტრაქტორის გათავისუფლება მოუწია. მოსკოვში ახლა მხოლოდ ასიოდე ამერიკელი დიპლომატია, როდესაც ვაშინგტონში 400-მდე რუსი დიპლომატი მუშაობს.

დიპლომატიური კრიზისის ფონზე  რუსეთის ელჩმა აშშ მარტში დატოვა. ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა დაკავშირებული იყო ბაიდენის ინტერვიუსთან, რომლის დროსაც მან ვლადიმირ პუტინს მკვლელი უწოდა. აშშ-ს ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი ვაშინგტონში 22 აპრილს, ახალ ადმინისტრაციასთან კონსულტაციებისთვის გაემგზავრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, მათ შორის ვაშინგტონიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთმა საპასუხოდ სარკისებური ზომები მიიღო. 

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ელჩების მოსკოვსა და ვაშინგტონში დაბრუნებაზე 16 ივნისს ჟენევის სამიტზე შეთანხმდნენ.

კომენტარები