კორონავირუსი საქართველოში

აცრისგან თავის შეკავების მთავარ მიზეზად მოსახლეობა გვერდით მოვლენებს ასახელებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავების მთავარ მიზეზად გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი, 36.8% ვაქცინის გვერდით მოვლენებს ასახელებს.

გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტთა პროცენტული წილი, ვინც გაიკეთა COVID-19-ის ვაქცინა და რამე სახის გვერდითი მოვლენა ჰონდა, 37.2%-ს შეადგენს. გვერდით მოვლენებს შორის ყველაზე ხშირად დაღლილობა, ლოკალური ტკივილი და სიცხე სახელდება.  

გამოკითხულთა 35.8%-ის აზრით, ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი. რესპონდენტთა 32.1%-ის თქმით, აცრისგან თავის შეკავების მთავარი მიზეზი არსებული ჯანმრთელობის პრობლემებია. გამოკითხულთა 13.9% კი მიზეზად ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობას ასახელებს. 12.4% ფიქრობს, რომ ვაქცინა სიკვდილს ან უნაყოფობას იწვევს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტებს, ვისაც არ გაუკეთებია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ, არჩევანის არსებობის შემთხვევაში, 53.8% გაიკეთებდა Pfizer-ს, Sinopharm-ს – 31.9%, Sinovac-ს – 12.0%, AstraZeneca-ს კი – 3.1 პროცენტი.

კვლევა 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის პერიოდს მოიცავს და მასში 1 966 ოჯახი მონაწილეობდა (ქალაქად 963, სოფლად 1 033). 

კომენტარები