ლელო

სულ მცირე 3 წლით მედია სრულად გათავისუფლდეს გადასახადებისგან – ლელოს ინიციატივა

პარტია ლელო ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს, რომ სულ მცირე 3 წლის განმავლობაში მედია ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდეს. პარტიის წევრის, საბა ბუაძის განმარტებით, ინიციატივის საჭიროება, ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული, ხოლო მეორე მხრივ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით.

"პირველ რიგში ამისი საჭიროება გამოწვეულია იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, პანდემიისგან, რომელმაც სარეკლამო შემოსავლები, სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვნად შეამცირა. მაგრამ ასევე ამ ინიციატივის აუცილებლობა დღის წესრიგში გაამწვავა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელმა ინიციატივამ, რომელიც გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვას და, მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას". – თქვა საბა ბუაძემ. 

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება დაინტერესებულია არა აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებით, არამედ მედიისთვის დამატებით ფინანსური დაბრკოლებების შექმნით.

"ამ ინიციატივით ლელო ჯერ კიდევ 2020 წელს გამოვიდა, როდესაც პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სარეკლამო ბაზარს, რომელიც სატელევიზიო მედიის შემოსავლის მთავარი წყაროა. საქართველოში მედია გაცილებით მეტია ვიდრე ბიზნესი. პლურალისტური მედია დღეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგას. სწორედ ამიტომ არის მედია ივანიშვილის ხელისუფლების სიძულვილის და თავდასხმების ხშირი ობიექტი". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა აიკრძალება. გარდა ამისა, იგეგმება ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით

კომენტარები