მიხეილ სააკაშვილი

მელია: სააკაშვილის პატიმრობის დასრულების იარაღი რეჟიმის დასუსტებასა და დამარცხებაშია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მთავარი იარაღი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასუსტებასა და დამარცხებაშია.

"ისტორიული უსამართლობა, რომელსაც ახლა თვალს ვადევნებთ და ფიზიკურად უამრავი ადამიანი ვართ მონაწილე, უნდა დასრულდეს და აუცილებლად დასრულდება და ის, თავად ფაქტი, როდესაც ახლა ჩვენ ვდგავართ აქ, უამრავი მაყურებელი ადევნებს თვალყურს ჩართვებს და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ეს ისტორიული აბსურდია და, რა თქმა უნდა, დასრულდება. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულების მთავარი იარაღი გახლავთ რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტებასა და დამარცხებაში", - თქვა მელიამ.

ოპოზიციურ სპექტრში აზრები გაყოფილია იმის შესახებ, როდის იქნება შესაძლებელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება - ქართული ოცნების რიგგარეშე არჩევნებში დამარცხების შემდეგ, თუ მანამდე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის 22 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით მიხედვით, ახლა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაა. კრიზისიდან გამოსვლის განსხვავებული ხედვა აქვს ევროპულ საქართველოს - მათი თქმით, "პოლიტიკური დევნა შეწყდება, როცა ივანიშვილი დასუსტდება და დამარცხდება". რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით კი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი სააკაშვილის გათავისუფლება არ არის. 

კომენტარები