ხორბლის ფასი

რუსეთი ხორბლის ექსპორტზე კვოტებს აწესებს – საქართველოს იმპორტში რუსული ხორბლის წილი 99%-ია

Getty Images

რუსეთში, რომელიც მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოსთვის ხორბლის უდიდესი ექსპორტიორა, ინფლაცია 6-წლიან მაქსიმუმზეა. ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 8.1% შეადგინა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ცენტრალური ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი - 4%.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  საკვები პროდუქტები რუსეთში 12%-ით გაძვირდა, ხილი და ბოსტნეული კი 25%-ით.

მაღალი ინფალციის გამო რუსეთი 2022 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესებას აპირებს, რომელიც წლის ბოლოს მოსავლის მოცულობების დაზუსტებისა და სოფლის სამეურნეო წლის პირველი ნახევრის საექსპორტო ტემპების გათვალისწინებით განისაზღვრება.

2021 წელს რუსეთში ხორბლის მოსავალი 75 მლნ ტონამდე, გასულ წელთან შედარებით 10 მლნ ტონით შემცირდა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დიმიტრი პატრუშევის თქმით, არსებული მცურავი საექსპორტო გადასახადის ფორმულა შესაძლოა შეიცვალოს, რათა მოხერხდეს უფრო მაღალი ფასების დაწესება იმ შემთხვევაში, თუ ხორბლის საერთაშორისო ფასი სამომავლოდ 1 ტონაზე 400 აშშ დოლარს მიუახლოვდება.

რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე გადასახადი მიმდინარე წლის ივნისიდან შემოიღო და მისი რაოდენობა 1 ტონაზე 58.78 აშშ დოლარი იყო, ამ დროისთვის კი გადასახადი გაზრდილია და 78 აშშ დოლარამდეა. შემსყიდველებს გადასახადის გადახდა იმ შემთხვევაში უწვეთ, თუ ხორბლის ფასი 200 აშშ დოლარს გადაცდება.

გაზრდილი ფასებისა და მოსავლის შემცირების გამო რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი ამ სეზონზე 34%-ით შემცირდა.

S&P Global-ის თანახმად, ნოემბერში რუსული ხორბლის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 345.25 აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთის მთავრობამ 2021-22 წლების სეზონის მარცვლეულის საპროგნოზო მოცულობა 127 მლნ ტონიდან 123 მლნ-მდე შეამცირა. საექსპორტოდ კი 34 მლნ ტონამდე ხორბალი იქნება განკუთვნილი.

მიწოდების შემცირება, ხორბლის იმპორტიორ ქვეყნებს შორის გაზრდილი კონკურენცია და მოთხოვნა ფასებს საერთაშორისო ბაზარზე მაღლა წევს.

Business Insider-ის მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისში 1 ტონა ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 180-190 აშშ დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა მას შემდეგ ფასი, დაახლოებით, 60%-ით გაიზარდა და 2021 წლის ნოემბრისთვის 300-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა.

საქართველოს ხორბლის იმპორტი თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული რუსეთზე. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებულ ხორბალში გადახდილი თანხის 99.5% რუსეთზე მოდიოდა. საქსტატის თანახმად, 2020 წელს საქართველომ 102.4 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, დანარჩენი 490.9 ათასი ტონა კი იმპორტირებული იყო და მისმა ღირებულებამ 107.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

2021 წლის 10 თვეში საქართველომ რუსეთისგან 73 მლნ აშშ დოლარის ხორბალი და მესლინი იყიდა, წინა წლის 10 თვეში კი - 88.3 მლნ-ის. 2020 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის და მესლინის ღირებულება 107.4 მლნ აშშ დოლარი იყო.

გარდა ხორბლისა, საქართველო რუსეთისგან ფქვილსაც ყიდულობს, თუმცა მისი მოცულობად და ღირებულება ბევრად უფრო ნაკლებია. 2021 წელს რუსულ ფქვილში 6.5 მლნ აშშ დოლარი გადავიხადეთ.

მიუხედავად რუსულ ხორბალზე დრამატული დამოკიდებულებისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება და ქვეყანას 2 თვეზე მეტი ხორბლის მარაგი აქვს.

"სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ კრიტიკული სასურსათო მარაგების მონიტორინგს, ამ შემთხვევაში ხორბალს ვგულისხმობ. ქვეყანაში მუდმივად გვაქვს 2 თვეზე მეტი ხორბლის მარაგი, ეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეკომენდაციაა და საქართველოშიც ბოლო თვეში 30 ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა. ასე რომ, სასურსათო მარაგების საფრთხე არ დგას". - თქვა დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ხორბალზე გაზრდილი ფასების გამო მთავრობამ საქართველოში ფქვილის ფასის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, რომელიც პურზე ფასების ზრდის შეჩერებას 4 თვით ისახავდა მიზნად. პროგრამა 2021 წლის პირველი ივლისიდან შეწყდა, რის შემდეგაც პურის ფასმა საქართველოში 10-15 თეთრით მოიმატა.

პროგრამის ფარგლებში წისქვილკომბინატებს პურის საცხობი საწარმოებისთვის 1 [50 კილოგრამიანი] ტომარა ხორბლის ფქვილის გაყიდვა, მაქსიმუმ, 53 ლარად შეეძლოთ. ყოველ ტომარაში სუბსიდიის თანხა თავდაპირველად 10 ლარი იყო, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდასა და მეხორბლეების მოთხოვნასთან ერთად სუბსიდიის თანხა ჯერ 15 ლარამდე, ხოლო შემდეგ 20 ლარამდე გაიზარდა და პროგრამა კიდევ 3 თვით, ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა. თავდაპირველად პროგრამისთვის 10 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, საერთო ჯამში, 16 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

ხორბლის ფასის ზრდის გამო პური უკვე გაძვირდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. განაახლებს თუ არა საქართველოს მთავრობა ხორბლის სუბსიდირებას, ჯერჯერობით, უცნობია. საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის მოლოდინით, ახალ წლამდე პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა ახალი წლის შემდეგ პური, შესაძლოა, 5-10 თეთრით გაძვირდეს.

"სხვა ქვეყნებთან შედარებით პურპროდუქტებზე საქართველოში ფასი ნორმალურია, თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. უმაღლესი ხარისხის ფქვილი, რომელსაც საკონდიტროები იყენებენ, 90 ლარი ღირს, ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი ოდესმე ყოფილა. უახლოეს მომავალში პურის გაძვირებას არ ვპროგნოზირებ. ამის იმედს მაძლევს ის, რომ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას და ხელს გაუმართავს წარმოებას, რომელიც სასიცოცხლო პროდუქტს უშვებს. პურზე შეიძლება ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არ შეიცვლება, 5-10 თეთრით მაქსიმუმ. ახალ წლამდე ცვლილებას არ ველოდებით". - ამბობს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე.

ცნობისთვის, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. მათ შორის, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ქვეყანაში პურის და პურპროდუქტების ფასები 19.4%-ითაა გაზრდილი.

კომენტარები