ევროპული საქართველო

ბოკერია: არ უნდა დავთქვათ ვადები, როდის უნდა დამთავრდეს რეჟიმი – სასოწარკვეთა მას კვებავს

ავტორიტარული რეჟიმის შეცვლას სჭირდება ბევრად უფრო დიდი, სრული დომინაციის მოპოვება, დიდი უპირატესობის მოპოვება საზოგადოებისა და მოქალაქეების, ამომრჩევლების ნების გამოხატვის თვალსაზრისით. ფაქტია, ჩვენ ეს წინა არჩევნებზე ვერ შევძელით და დღეს ეს ვითარება არ გვაქვს. ამიტომ ბედავს ივანიშვილის რეჟიმი ამდენს. ევროპული საქართველოს ხედვაა, რომ დღეს ფოკუსი ყველა აქტიური და სამოქალაქო ჯგუფის უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობის გაფართოვებაზე, რომლებიც ჩართული იქნებიან პოლიტიკურ, საარჩევნო და, თუ საჭირო იქნება, საპროტესტო პროცესში. ფაქტია, რომ წინა არჩევნებზე 200 000-ით ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა, ვიდრე ეს იყო 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ნიშანია იმის, რაც ვერ შეძლო საპროტესტო პოლიტიკურმა მოძრაობამ, მათ შორის, ოპოზიციამ, მთლიანად საპროტესტო საზოგადოებამ. ეს უნდა დავისახოთ ამოცანად, თუ გვსურს, დავამარცხოთ რეჟიმი, რომელიც ასეთ არალეგალურ მეთოდებს მიმართავს, თუ გვსურს, რომ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ, რომ ყველა დღე, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმის მმართველობა შემცირდება, არის ჩვენი ქვეყნისთვის გადარჩენის ტოლფასი. 

მაგრამ, ამ პროცესში რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, არ უნდა დავთქვათ ვადები, როდის უნდა დამთავრდეს რეჟიმი, იმიტომ, რომ თუ შემდეგ ეს არ მოხდება, სასოწარკვეთა ივანიშვილის რეჟიმს კვებავს. არ უნდა დავსახოთ იმ ტიპის ამოცანები, წარმატების წინაპირობა, რომელიც, შეუსრულებლობის შემთხვევაში, კვლავ რეჟიმს ასაზრდოვებს. რაც მთავარია, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები - არ შეიძლება, ერთი მხრივ, ვიძახდეთ, რომ არჩევნებს აზრი აქვს დაკარგული, რაც მცდარი გზავნილია და უიმედობას ნერგავს, მეორე მხრივ კი პარლამენტში რუტინულ პროცდურებში ვიყოთ ჩართული, რომელიც ქმნის სიმულაციას ვითომ დემოკრატიის ქვეყნის შიგნით საზოგადოებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომელთა მხარდაჭერა შიგნით საპროტესტო მოძრაობის ზრდასთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის საკვანძო იქნება.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. პარტიის ლიდერებმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ხედვა წარადგინეს

კომენტარები