KHIDI

21-თვიანი პაუზის შემდეგ, 3 დეკემბერს კლუბი KHIDI გაიხსნება

21-თვიანი პაუზის შემდეგ, კლუბი KHIDI მუშაობას 3 დეკემბერს განაახლებს.

საკლუბო ღამეზე დასწრება მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე ადამიანებს შეეძლებათ:

•    სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ; 
•    ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს;
•    ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.

"კლუბი KHIDI-ს გადაწყვეტილება ეფუძნება პირველ დეკემბერს მთავრობის მიერ შემოღებულ მწვანე პასპორტის სისტემას, სადაც კოვიდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ შევიდნენ შემდეგ ობიექტებში: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. ჩამონათვალში კვლავ არ არის ღამის კლუბები. აღსანიშნავია, რომ საკლუბო ინდუსტრია ერთადერთი სფეროა, რომელმაც სრულფასოვნად ჩაატარა ორი საპილოტე კვლევითი წვეულება, კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვით, ღია და დახურულ სივრცეებში. უკანასკნელი კვლევითი ღონისძიება 8 ოქტომბერს ჩატარდა კლუბში KHIDI, სადაც ვირუსის გავრცელების დადებითი მაჩვენებელი 0,5% იყო", - წერია KHIDI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

KHIDI-ს წარმომადგენლის, სოფო ებრალიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასახსნელი ობიექტების ჩამონათვალში კლუბები არ არიან, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იხელმძღვანელონ მწვანე პასპორტის სისტემის ამუშავებით და განაახლონ საკლუბო ღამეები.

"2020 წლის მარტის შემდეგ არ გვიმუშავია, ამ დროის მანძილზე დაგვიგროვდა ფინანსური დავალიანებები, დაყადაღებული გვაქვს ანგარიშები, ათეულობით თანამშრომელი უმუშევარია, არტისტები და სფეროს პროფესინალები დარჩენილები არიან სამუშაო ადგილების გარეშე. თითქმის ორი წელი მორჩილად ველოდით ნებართვის მიღებას, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი.

ჩვენ გადავწყვიტეთ ვიხელმძღვანელოთ 1-ლი დეკემბრის მწვანე პასპორტების ამუშავების სისტემით და ჩვენი თავიც მივათვალოთ იმ ჩამონათვალს, რომელშიც სამწუხაროდ ჩვენ არ აღმოვჩნდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩავატარეთ კვლევა და ზუსტად ვიცით რა სისტემით უნდა ვიმუშავოთ, იმისთვის რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელება", - ამბობს სოფო ებრალიძე. 

KHIDI-ში მოსახევრად აუცილებელია თან იქონიოთ მწვანე პასპორტი თქვენს ტელეფონებში. ამისათვის საჭიროა ჩამოტვირთოთ Georgia e-Health-ის აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც App store-ში, ისე Google store-ზეც. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, უნდა გაიროთ რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ავტომატურად აისახება. პროგრამაში გამოჩნდება ვაქცინაციის, PCR ტესტირებისა და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ ინფორმაციაც.

კომენტარები