კორუფცია

TI: 2020 წელს 100-მდე სსიპ-მა და აი(ი)პ-მა ხელფასებზე 372 მლნ-მდე დახარჯეს

huffingtonpost

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) კვლევის თანახმად, სახელმწიფო სსიპ-ებსა და აი(ი)პ-ებზე წლიდან წლამდე სულ უფრო დიდი საბიუჯეტო რესურსი იხარჯება, იზრდება მათი რაოდენობა, თანამშრომლების რიცხვი და ხარჯები, ხოლო მათი გამჭვირვალობა და შესაბამისად, მონიტორინგის მექანიზმები კვლავ მინიმალურია, რაც წარმოშობს მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს, რომელთა სამართავად ქმედითი ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები არ ტარდება.

კვლევის ფარგლებში შეირჩა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირები - სამინისტროებისა და 12 მუნიციპალიტეტის სულ 150-მდე ორგანიზაცია და გამოვლინდა შემდეგი ძირითადი პრობლემები: 

  1. სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მათი დაფუძნების კრიტერიუმები კი ბუნდოვანია და ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ არის კონკრეტული ორგანიზაციის შექმნა საჭირო იმ ფუნქციების შესასრულებლად, რაც სამინისტროს ან მერიის უშუალო მოვალეობას წარმოადგენს. საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია ა(ა)იპ-ების შემთხვევაში, რადგან ამ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება თანამშრომელთა კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება.
  2. პრობლემაა საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღება. კვლევის ობიექტი 150-მდე სსიპ-დან და ა(ა)იპ-დან საჭირო ინფორმაცია მხოლოდ 105-ზე მივიღეთ, საიდანაც ზოგ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია არ იყო სრული. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 100-მდე ორგანიზაციამ 2020 წელს 28,948 საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლის შრომის ანაზღაურებაზე 372,267,815.23 ლარი დახარჯა.
  3. კვლევის ფარგლებში შერჩეული სახელმწიფო იურიდიული პირების რაოდენობა, საშტატო და შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებულთა რიცხვი, შრომის ანაზღაურებაზე გაცემული თანხა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება, რაც, კონტროლისა და პრევენციული მექანიზმების არარსებობის პირობებში, კორუფციულ რისკებს ზრდის.
  4. არ არსებობს ერთიანი ბაზა/რეესტრი, რომელშიც სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ზუსტი რაოდენობის, მათში დასაქმებულთა რიცხვისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია იქნება მოცემული.
  5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება მთელი რიგი ანტიკორუფციული რეგულაციები,  ორგანიზაციების დიდ უმრავლესობას არ აქვს ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის პრევენციის ეფექტური შიდა მექანიზმები, რაც ზრდის კორუფციულ რისკებს და ართულებს ამ ორგანიზაციებში კონტროლისა და კეთილსინდისიერების ქმედითი მექანიზმების დანერგვას.
  6. ერთი მხრივ, ორგანიზაციათა უმეტესობა აცხადებს, რომ აქვს კორუფციული შინაარსის დარღვევების გამოვლენაზე პასუხისმგებელი ორგანო, თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფო სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაახლოებით 96%-ში არ გამოვლენილა არცერთი დარღვევა ბოლო 4 წლის განმავლობაში.
  7. სახელმწიფო სსიპ-ების საქმიანობა კანონით მიჩნეულია საჯარო სამსახურად, თუმცა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" მიზნების სრულად გავრცელება უკვე 4-ჯერ გადავადდა, რის გამოც ამ ორგანიზაციების თანამშრომლებზე არ ვრცელდება საჯარო მოსამსახურეებისთვის დაწესებული მთელი რიგი ანტიკორუფციული შეზღუდვები, მაგალითად: ეთიკისა და კეთილსინდისიერების ნორმების დაცვა, ინტერესთა შეუთავსებლობის დაფიქსირება და თავიდან არიდება, საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული წესების გათვალისწინება და ასე შემდეგ.
  8. სახელმწიფო ა(ა)იპ-ებზე საერთოდ არ ვრცელდება საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული მექანიზმების მარეგულირებელი კანონმდებლობა, რის გამოც ამ ორგანიზაციებში განსაკუთრებით მაღალია კორუფციული დარღვევების რისკი.

TI-ის რეკომენდაციებია: 

  • ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა უარი უნდა თქვან არასაჭირო სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შექმნაზე, ასევე, ამ ორგანიზაციებში თანამშრომლების (განსაკუთრებით შტატგარეშე თანამშრომლების) რაოდენობის და ხარჯების დაუსაბუთებელ მატებაზე. 
  • კარგი მმართველობის სტანდარტების გათვალისწინებით, კანონით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შექმნის კრიტერიუმები.
  • სამინისტროებმა და მუნიციპალიტეტებმა მეტი ძალისხმევა უნდა დაუთმონ კორუფციული შინაარსის დარღვევების გამოვლენას მათ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ პირებში.
  • სახელმწიფოს მიერ შექმნილ იურიდიულ პირებში უნდა დაინერგოს ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის პრევენციის ეფექტური შიდა მექანიზმები.
  • სახელმწიფოს მიერ დაარსებული სსიპ-ების მიმართ სრულად უნდა ამოქმედდეს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ".
  • სახელმწიფოს მიერ დაარსებულ ა(ა)იპ-ებში ინტერესთა შეუთავსებლობის, ნეპოტიზმისა და კორუფციის ეფექტიანად პრევენციის მიზნით საჭიროა ამ ორგანიზაციებზე საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული მექანიზმების მარეგულირებელი პრინციპები გავრცელდეს.
  • შესაბამისი უწყებების მხრიდან უნდა შეიქმნას ერთიანი ბაზა/რეესტრი, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შესახებ ინფორმაცია განახლებად რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

კვლევა სრულად იხილეთ აქ.

კომენტარები