აფიშა

რას ვუყუროთ კინოში?

Befunky

2020 წელი ყველა სფეროსთვის, მათ შორის კინოსთვისაც რთული გამოდგა. წელს განსხვავებული სიტუაციაა და დიდ ეკრანს მონატრებულ მაყურებელს კინოთეატრები მრავალფეროვან აფიშას სთავაზობენ. 

წარმოგიდგენთ ფილმებს, რომელთა ნახვა დღეს, საქართველოს კინოთეატრებში, დიდ ეკრანზეა შესაძლებელი.

Titane

ჯულია დუკურნოს რიგით მეორე ნამუშევარი კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი და ევროპული კინოაკადემიის ოთხი ნომინაცია მოიპოვა. ჰორორი ასევე საფრანგეთის სახელით ოსკარის ნომინაციისთვის იბრძვის. დუკურნოს ნამუშევარმა საერთაშორისო და ქართველი კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. რეჟისორის წინა ნამუშევარის (Raw) მსგავსად ტიტანიუმიც პროვოკაციური, უკიდურესად ორიგინალური და მომენტებში არაკომფორტული სანახაობაა. Titane დამსახურებულად ატარებს 2021 წლის ყველაზე შოკისმომგვრელი ფილმის სტატუსს და მისი ნახვა, მხოლოდ 18 წელს გადაცილებული ასაკის მაყურებლისთვის არის რეკომენდებული.

French Dispatch

ფერებისა და სიმეტრიული კადრის დიდოსტატის, უეს ანდერსონის ახალი ფილმი მსოფლიო კინოს ვარსკვლავებით არის გადატვირთული. ტიმოთი შალამე, ტილდა სუინტონი, ედრიენ ბროუდი, ბენისიო დელ ტორო, ბილ მიურეი – ეს მხოლოდ მეხუთედია იმ ბრწყინვალე სამსახიობო შემადგენლობისა, რომელსაც ეკრანზე იხილავთ. ფილმი გამოგონილი გამოცემის, French Dispatch-ის პოპულარული სტატიების ალმანახია. ანდერსონი არ ღალატობს თავის სტილს და მაყურებელს თითქმის ორსაათიან კინოს ზეიმზე ეპატიჟება. სურათი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პროგრამის მონაწილეა.

Ghostbusters: Afterlife

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბლოკბასტერი 80-იანი წლების საკულტო ფრენჩაიზის გაგრძელებაა, რომელიც ორგინალი ფილმების რეჟისორის, აივან რაიტმანის შვილმა, ჯეისონ რაიტმანმა გადაიღო. სურათი ამ დროისთვის ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია, გამხსნელ უიქენდზე მოჩვენებებზე მონადირეებმა 44 მილიონი დოლარი მოაგროვა. თინეიჯერული სამეცნიერო ფანტასტიკური კომედია Stranger Things-ის(ფილმში ერთ ერთ როლს სერიალის ვარსკვლავი ფინ ვულფჰარდი ასრულებს) საუკეთესო ტრადიციებშია გადაღებული. Ghostbusters: Afterlife ყველა თაობის მაყურებელს დააკმაყოფილებს – მშობლების თაობა კიდევ ერთხელ იხილავს საყვარელ პერსონაჟებს(დენ ეიკროიდი, ბილ მიურეი და სიგურნი უივერი ნაცნობ როლებს დაუბრუნდნენ), ხოლო ახალგაზრდები მოჩვენებების მონადირეების  სახალისო სამყაროს გაეცნობიან და შეიყვარებენ.

Eternals

მარველის კინოსამყაროს მორიგი ფილმი, უძლეველი ნახევრად ღმერთების ამბავია, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ათასწლეულებია არსებობენ. მათი სახელები ჩვენამდე ლეგენდებმა მოიტანა. მარადიულები მარველის ძველ სუპერგმირებთან არ იკვეთება, თუმცა ახლო მომავალში მათ ახალ ბლოკბასტერებში აუცილებლად ვიხილავთ. ფილმი 2020 წლის ოსკარის კინოდაჯილდოების გამარჯვებულმა, ქლოე ჟაომ გადაიღო, მარველის კომიქსების სამყაროს კი კიდევ რამდენიმე დიდი ვარსკვლავის, მათ შორის ანჯელინა ჯოლის და სელმა ჰაიეკის სახელები შეემატა. ტრადიციულ ტიტრების შემდგომ სცენებში კი რამდენიმე ახალ(ან კარგად დავიწყებულ ძველ) პერსონაჟს გავეცნობით.

Dune

ფრენკ ჰერბერტის ბესტსელერის ახალი ეკრანიზაცია 21-ე საუკუნის ერთ ერთ ყველაზე გამორჩეულ რეჟისორს, დენი ვილნევს ეკუთვნის. ვილნევმა ვიზუალურად უბადლო ბლოკბასტერი გადაიღო, რომელსაც ჰანს ციმერის მუსიკალური თემები ამშვენებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მრავალფეროვანი კოსტიუმები და შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტები. დიუნში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ოსკარ აიზეკი, ჯეისონ მომოა და ხავიერ ბარდემი ასრულებენ. 

სხვა ფილმებისა და სეანსების განრიგის შესახებ ინფორმაციის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

 

კომენტარები