ქართული ოცნება

ივანიშვილის ადვოკატი: პროცესზე ვიდეოგადაღების შეზღუდვა დაირღვა, შესწავლის საგანია

ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ბერმუდის სასამართლოში პროცესზე, როდესაც ივანიშვილი ჩვენებას აძლევდა, ვიდეო და ფოტოგადაღების შეზღუდვა დაირღვა და ეს მათი "შესწავლის საგანია". ივანიშვილის ჩვენების ვიდეო დღეს, 20 ნოემბერს ფორმულამ გაავრცელა.

"ეს [საქმე] არის ძალიან რეზონანსული, იმდენად, რომ ჩვენ უკვე ქართულ სივრცეში ვხედავთ გარკვეული ვიდეომასალების გავრცელებას და, საერთოდ, ეს ცალკე თემა არის, რომელიც, ვფიქრობ, შესწავლას მოითხოვს. ეჭვისა და ვარაუდების დონეზე ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, მიჭირს საუბარი, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის, რომ გარკვეული ვიდეომასალა, რომელიც გავრცელდა ქართულ სივრცეში, სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერი ფოტო და ვიდეოგადაღება იყო და არის აკრძალული. ისმის კითხვა - ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით გააკეთა. 

ჩვენ თუ ლოგიკური გამორიცხვის მეთოდით ვივლით, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ ვინმეს გაეკეთებინა ჩვენი მხრიდან. თვითონ პროცესი არის საჯარო, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც სურვილი აქვს, თვალი ადევნოს, უნდა მიმართოს სასამართლოს და ის ტარდება შესაბამის რეგისტრაციაში, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წამომადგენელი. აქედან გამომდინარე, მე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა დაინტერესებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე. ამაში არაფერი უსწორო არ არის, უსწორო და დარღვევა მხოლოდ ისაა, რომ მოხდა ვიდეოგადაღებისა და ფოტოგადაღების შეზღუდვის დარღვევა და დღეს ეს მასალა გამოიყენება შიდა მოხმარებისათვის, რომელიც არც თუ დადებით ასოციაციებს იწვევს. [...] ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ძალიან მარტივი პროცედურების შედეგად, შეიძლება, წვდომა მიეღო პროცესის მიმდინარეობაზე - წვდომის მიღების შემდეგ მან რომ დაარღვია ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვა, ეს არის ჩვენი შესწავლის საგანი". - ამბობს ვიქტორ ყიფიანი იმედთან ინტერვიუში.   

ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ივანიშვილის ფრაზა პრემიერმინისტრზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ ის ფინანსებსა და იურისპრუდენციაში ვერ ერკვევა, "აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილია".  

"კონტექსტში და სრულად მისი დამოკიდებულება და შეფასება ღარიბაშვილის მიმართ გამოიხატებოდა შემდეგნაირად, რომ იქ საუბარია რთულ საფინანსო პროდუქტებზე, ე.წ. წარმოებულ ფინანსურ პროდუქტებზე და, ამ შემთხვევაში, არა ბატონ ირაკლის, არამედ არაერთს და მრავალს ქართულ საფინანსო სფეროშიც კი ამის ცოდნა არ და ვერ ექნება ჩვენთან საფონდო ბაზრის განუვითარებლობის გამო. 

მან ძალიან ვრცელი შეფასება მისცა მის დამოკიდებულებას ბატონი ღარიბაშვილისადმი, აღნიშნა რა, რომ წლების განმავლობაში ბატონი ირაკლი იყო მისი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი აქტიური და თვალსაჩინო მონაწილე და, შესაბამისად, არაერთი საქებარი სიტყვით აღნიშნა მისი ნიშან-თვისებები". - ამბობს ის. 

გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებასა და მის მიერ თავამდებობის დატოვებაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ხალხი უკან დამდევდა, არავის ჩემი წასვლა არ უნდოდა, იმდენად პოპულარული ვიყავი". ივანიშვილი ასევე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილზე, კითხვაზე, თუ ვინ არის მისთვის ღარიბაშვილი, ივანიშვილი პასუხობს - "ღარიბაშვილი ჩემთვის არ იყო ავტორიტეტი".  


ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩივის ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. Bloomberg-ის თქმით, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ აქაურ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

ივანიშვილი არის 5 ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელიც შვეიცარიულ ბანკს ჯერ კიდევ უჩივის, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ლესკოდრონის ბრალდება დაუმტკიცდა. ამ ხუთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, არ სჯერა, რომ ბანკირი თაღლითობის დანაშაულებს ბანკის დახმარების გარეშე აკეთებდა. ლესკოდრონი ბოროტმოქმედებს ჩადიოდა საკუთარი კოლეგებისა და ზემდგომების წინააღმდეგ.  

კომენტარები